პარასკევი, 29.03.2024, 13:52მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » ჭრილობები
20:52
ჭრილობები


ჭრილობები

 

კანის ან სხეულის საფარველის ნებისმიერ დაზიანებას ჭრილობა ეწოდება. არსებობს სხვადასხვა სახის ჭრილობა:

 

ნაკვეთი ჭრილობა განპირობებულია ბასრი კიდის მქონე საგანთან შეხებით, მაგალითად, შუშის ნამსხვრევით. ამ დროს ხშირად ზიანდება სისხლძარღვებიც, ამიტომ ამ ტიპის ჭრილობების დროს ვითარდება ძლიერი სისხლდენა. მტევანზე ნაკვეთი ჭრილობის დროს შესაძლებელია მყესების დაზიანება;

 

ნაფლეთი ჭრილობა გამოწვეულია გამგლეჯი ზემოქმედებით. ამ ტიპის ჭრილობის დროს ძლიერი სისხლდენა ნაკლებ მოსალოდნელია, მაგრამ ქსოვილების დაზიანება და სისხლჩაქცევა უფრო ინტენსიურია. ხშირია ასეთი ჭრილობის დაბინძურება მიკრობებით და აქედან გამომდინარე, მაღალია ინფიცირების რისკი;

 

ნაკაწრი ჭრილობა ზედაპირულია. ხშირად ვითარდება დაცემის დროს. ჭრილობაში შესაძლებელია იყოს უცხო ნაწილაკები, რომლებიც ხშირად ინფიცირების წყაროს წარმოადგენენ;

 

დაჟეჟილი ჭრილობა ვითარდება ბლაგვი საგნის ზემოქმედების გამო. ამ დროს ზიანდება სისხლძარღვები და იწყება შინაგანი სისხლდენა ქსოვილებში. დიდი ზომის დაჟეჟილი ჭრილობის დროს შესაძლებელია უფრო მძიმე, შენიღბული დაზიანება იყოს, მაგალითად, მოტეხილობა ან შინაგანი ორგანოების დაზიანება;

 

ნაჩხვლეტი ჭრილობა განპირობებულია ბასრი, მცირე დიამეტრის მქონე საგნით. მისთვის დამახასიათებელია მცირე ზომის, მაგრამ საკმაოდ ღრმა ჭრილობა. თუ არ ხდება დაზარალებულის სხეულის დეტალური დათვალიერება, ესეთი ჭრილობა შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, არადა ამ დროს საგანი ღრმად შედის სხეულში და იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას, შინაგან სისხლდენას. ასეთი ჭრილობების დროს ასევე ძალიან მაღალია ინფიცირების რისკი;

 

·ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს ტყვია ღრმად შედის სხეულში. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამომავალი ჭრილობაც იყოს, რომელიც ყოველთვის ბევრად დიდია შემავალ ჭრილობაზე. ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს ასევე ხშირია მძიმე შინაგანი დაზიანება და ინფიცირება.

ინფიციერების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია ჭრილობის დაბინძურება ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერიებით. ტეტანუსი – ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწყება მიკრობის ჭრილობაში მოხვედრის შემთხვევაში. ტეტანუსის მიკრობები ძალიან გავრცელებულია გარემოში და დიდი რაოდენობით არის მიწაში, სილაში. ჭრილობის დაბინძურების შემთხვევაში მიკრობი გამოყოფს ტოქსინს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. უხშირეს შემთხვევაში, ტეტანუსის პირველი ნიშნებია თავის ტკივილი და საღეჭი კუნთების შეკუმშვა. შემდგომ ვითარდება კისრის, ხელების, ფეხების კუნთების შეკუმშვა (სპაზმი). დაზარალებულს ეწყება კრუნჩხვა. ტეტანუსით დაავადების შემთხვევაში ხშირად ვითარდება სიკვდილი სუნთქვაში მონაწილე კუნთების სპაზმის გამო. ტეტანუსის საპროფილაქტიკოდ ბავშვთა ასაკში ტარდება აცრა. 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გასაგებია, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი დახმარების სწორი გაწევა:

·დახმარების გაწევამდე კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით. თუ შეგიძლიათ, გაიკეთეთ ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები.

·თუ ჭრილობა დაბინძურებულია, ჩამობანეთ გამდინარე წყლით, ნაზად გაამშრალეთ და დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით.

·მოწმინდეთ დაბინძურებული კანი საფენის გარშემო წყალში დასველებული ნაჭრით. დაადეთ ნახვევი. გახსოვდეთ ნახვევის ქვემოთ პულსისა და მგრძნობელობის შემოწმების აუცილებლობა.

·თუ დაზარალებულს ეწყება თავის ტკივილი, უჭირს ღეჭვა და აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები ჭრილობის არეში ან თუ ჭრილობა დიდია და დაბინძურებულია, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

·თუ ჭრილობის ზედაპირზე უცხო სხეულია, სანამ მოახდენდეთ ზეწოლას ჭრილობაზე, ჩამობანეთ გამდინარე წყლით, შემდეგ დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით და მოახდინეთ ზეწოლა ჭრილობაზე. თუ უცხო სხეული ჩარჭობილია ჭრილობაში, არ ამოიღოთ. დაფარეთ უცხო სხეული სუფთა საფენით და დაადეთ ჯვარედინი ნახვევი უცხო სხეულის ფიქსაციისათვის. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

ჭრილობა მუცლის არეში. მუცლის არეში ჭრილობის დროს შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა ან შინაგანი ორგანოების გადმოსვლა ჭრილობაში, მაგრამ უფრო ხშირია ფარული შინაგანი სისხლდენა და სხეულის ორგანოების დაზიანება.

 

პირველი დახმარება მუცლის არეში ჭრილობის არსებობის დროს:

1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე, მაგარ ზედაპირზე. შეუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი;

2. დაფარეთ ჭრილობა დიდი ზომის სტერილური საფენით და დააფიქსირეთ არამჭიდრო ნახვევით ან მწებავი ფირით. თუ საფენი იჟღინთება სისხლით დაადეთ ზემოდან კიდევ ერთი ნახვევი. თუ დაზარალებული ახველებს ან აღებინებს, მოახდინეთ ნაზი ზეწოლა ნახვევზე, რათა თავიდან აიცილოთ შინაგანი ორგანოების გადმოსვლა ჭრილობაში. თუ ჭრილობიდან გადმოსულია შინაგანი ორგანოები, მაგალითად ნაწლავები, არ შეეხოთ. არ სცადოთ მათი ჩაბრუნება მუცლის ღრუში, რადგან ამით იზრდება ამ ორგანოების დაზიანებისა და ინფიცირების რისკი. დაფარეთ ეს ორგანოები სუფთა სველი საფენით ან ცელოფანის პარკით, რათა დაიცვათ გამოშრობისაგან.

 

3. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

4. მუცლის არეში ჭრილობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის სწორი მდებარეობა. თუ მუცელზე განივი ჭრილობაა, დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და მოუხარეთ ფეხები მუხლის სახსარში. თუ ჭრილობა გასწვრივია, ფეხები გაშალეთ.

5. თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, ჩაატარეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა.

 

დაზარალებულის სიცოცხლისათვის ასევე ძლიერ საშიშია შემავალი ჭრილობა გულმკერდში. ამ დროს შეიძლება განვითარდეს გულმკერდისა და მუცლის ორგანოების მძიმე დაზიანება. შემავალი ჭრილობის დროს გარემოს ჰაერი შედის გულმკერდის ღრუში და იწვევს ფილტვებზე ზეწოლას, რაც ხელს უშლის სუნთქვას. ამ დროს დაზარალებულს აღენიშნება:

 

1.შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში;

2.სუნთქვის გაძნელება;

3.ტკივილი სუნთქვისას;

4.ხველა სისხლიანი ნახველით;

5.კანის მონაცრისფრო-მოლურჯო შეფერილობა;

6.დამახასიათებელი ხმიანობა, რომელიც გამოწვეულია ჰაერის მოძრაობით ჭრილობაში

 


გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობის დროს თქვენი ძირითადი მიზანია გულმკერდის ღრუში ჰაერის შეღწევის თავიდან აცილება:

1.სწრაფად დაფარეთ შემავალი ჭრილობა თქვენი ან გონზე მყოფი დაზარალებულის მტევნით;

2.მოათავსეთ სტერილური ჰაერგაუმტარი საფენი ჭრილობაზე. დააფიქსირეთ ის სამი მხრიდან. ეს შექმნის სარქველს და თავიდან აიცილებთ ჰაერის მოხვედრას გულმკერდის ღრუში ჩასუნთქვის დროს, ხოლო მანამდე მოხვედრილი ჰაერი გამოვა გულმკერდის ღრუდან ამოსუნთქვისას;

3.დროულად გამოიძახეთ გადუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზარალებული გონზეა, დასვით ნახევრადმჯდომარე მდებარეობაში. თუ დაზარალებული უგონოდაა, მოახდინეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებებისათვის. თუ ABC წესრიგშია, დააწვინეთ უსაფრთხო მდებარეობაში ისე, რომ დაზიანებული მხარე იყოს ქვემოთ. ამით თქვენ შეუქმნით დაუზიანებელ ფილტვს უფრო ხელსაყრელ პირობებს სუნთქვისათვის.

 

გახსოვდეთ!

·გულდასმით და დეტალურად დაათვალიერეთ ჭრილობა და სხეულის დაზიანებული ნაწილი, რათა მოხდეს ჭრილობის სახის ზუსტი დადგენა და არ გამოგვეპაროს შენიღბული დაზიანებები და დაინფიცირების წყარო; 

· ნახვევის დადების შემთხვევაში მუდმივად აკონტროლეთ პულსი და მგრძნობელობა ნახვევის ქვემოთ;

· თუ ჭრილობა დიდია და დაბინძურებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს;

· დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური:

-შინაგან სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში;

-მუცლისა და გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობების დროს;

-თუ დაზარალებულს ეწყება თავის ტკივილი, უჭირს ღეჭვა და აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები ჭრილობის არეში.

 

წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 2286 | დაამატა: gio | ტეგები: ჭრილობები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი