სამშაბათი, 25.04.2017, 13:32მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 403
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს
23:34
მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს


მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

 

მოქმედების ტაქტიკა მიწისძვრის დროს:

თუ მიწისძვრა დაიწყო, არ ჩააგდოთ პანიკაში სხვები და, პირველ რიგში, საკუთარი თავი;

თუ მიწისძვრა სუსტია, არ შეშინდეთ, დარჩით იქ, სადაც ხართ;

თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია (5 ბალი და მეტი) და თქვენ იმყოფებით შენობაში მეორე სართულზე ან უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;

არ ისარგებლოთ ლიფტით;

დადექით უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისა და მძიმე ავეჯისაგან მოშორებით, მაგალითად, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;

შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ, ისინი დაგიცავენ ნამტვრევებისაგან;

თუ თქვენ ქუჩაში ხართ, გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისაგან. არ მიუახლოვდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს;

ნუ შეხვალთ შენობაში;

თუ ავტომობილში იმყოფებით, დარჩით ღია ადგილას, ნუ დატოვებთ ავტომობილს სანამ ბიძგები არ შეწყდება;

ნუ შეხვალთ და ნუ მიუახლოვდებით აშკარად დაზიანებულ შენობას;

იყავით მზად განმეორებითი ბიძგებისათვის. ყველაზე საშიშ პერიოდად ითვლება მიწისძვრიდან პირველი 2-3 საათი. თუმცა, მოსალოდნელია ბიძგები განმეორდეს რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგაც.

 

მოქმედების ტაქტიკა მეწყერისა და ღვარცოფის დროს:

თავი აარიდეთ ღვარცოფსაშიშ ადგილებში ავტოტრანსპორტით მგზავრობას;

თვალყური ადევნეთ ინფორმაციას ღვარცოფის საშიშროების შესახებ და საჭიროებისას სასწრაფოდ განახორციელეთ ევაკუაცია თავშესაფარში წინასწარ შერჩეული მარშრუტით. თან წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები;

მარშრუტი არ უნდა გადიოდეს ღვარცოფული მდინარეების კალაპოტზე;

ღვარცოფის საშიშროების ნიშნების გაჩენისას სასწრაფოდ ადით ფერდობზე, რაც შეიძლება შორს ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტიდან;

დაუშვებელია ღვარცოფსაშიში მდინარის კალაპოტში ჩასვლა ღვარცოფის პირველი ტალღის ჩავლის შემდეგ. მას შეიძლება მოჰყვეს მეორე ტალღაც;

გადაადგილდით ისე, რომ არ გადაკვეთოთ ღვარცოფის კალაპოტი;

საშიშია დარჩენა შენობაში, თუ იგი მდებარეობს ჩამოქცეული ნაპირისახლოს, ან მის ქვეშ გრუნტი ნაწილობრივ წარეცხილია;

თუკი შეამჩნევთმეწყერის რეალურ საშიშროებას, დაუკავშირდით ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.

 

მოქმედების ტაქტიკა ხანძრის დროს:

ხანძრისას აუცილებელია იმოქმედოთ სწრაფად. საკუთარი თავის საფრთხეში ჩაუგდებლად დაეხმარეთ ყველას დატოვონ შენობა და დახურეთ კარები თქვენს უკან. მიაქციეთ ყურადღება სახანძრო გასასვლელების აღმნიშვნელ სიმბოლოებს;

ნუ ეცდებით ხანძართან ბრძოლას, სანამ გამოიძახებდეთ სახანძრო სამსახურს;

დახურულ სივრცეში ხანძრის არსებობისას ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა შემცირებულია და შესაძლოა არსებობდეს მომწამლავი აირები. არასოდეს არ შეხვიდეთ გაკვამლულ შენობაში. თუ თქვენ გიწევთ კვამლიანი ოთახის გადაკვეთა, დაიხარეთ, რადგან ჰაერი ყველაზე სუფთა იატაკთანაა;

თუ გიწევთ დაზარალებულის გამოყვანა კვამლით სავსე შენობიდან სადაც ხანძარი არაა (მაგ. გარაჟიდან), პირველ რიგში ფართოდ გააღეთ კარები გასანიავებლად;

თუ ცეცხლი ტანსაცმელს მოეკიდა, უნდა ურჩიოთ დაზარალებულს, არ ირბინოს, რადგან ყოველგვარი მოძრაობა და დაბერვა აძლიერებს ცეცხლს. ასეთ შემთხვევაში დაზარალებული უნდა დააწვინოთ ძირს და გადააფაროთ მძიმე არააალებადი ქსოვილი, მაგ. საბანი. არ აგორაოთ დაზარალებული მიწაზე. ეს გამოიწვევს დამწვრობის გავრცელებას სხეულის დაუზიანებელ ნაწილებზე. თუ ცეცხლი თქვენს ტანსაცმელს მოეკიდა და მშველელი არავინაა, შემოიხვიეთ ტანზე შესაფერისი ქსოვილი და დაწექით ძირს;

ელექტროტრავმის დროს არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს მანამ, სანამ ოფიციალურად არ მიიღებთ შეტყობინებას, რომ დენი გამორთულია დენის წყაროდან. არ მიუახლოვდეთ დაზარალებულს 18 მეტრზე ახლოს, თუ ელექტროტრავმა გამოწვეულია მაღალი ძაბვის დდენით. სასწრაფოდ გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარების სამსახური;

შენობაში დენით დაზიანებისას გამორთეთ დამცველები. არ შეეხოთ დაზარალებულის სხეულს. თუ გამომრთველი თქვენთვის მიუწვდომელია, ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები, დადექით მშრალ მაიზოლირებელ საგანზე, მაგ. ხის ფიცარზე და ეცადეთ ხის ან პლასტმასის საგნით განაცალკევოთ დაზარალებულის სხეული დენის წყაროსაგან. გააგრილეთ დამწვარი უბნები დიდი რაოდენობით ცივი წყლით. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

 

პირველი დახმარების თავისებურებები სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს

ნებისმიერი კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციის დროს დაზარალებულთა რიცხვი შესაძლებელია დიდი იყოს. ამ დროს მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, თუ ვის უნდა გაუწიოთ დახმარება პირველ რიგში, იმ დაზარალებულს, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენთან, იმას, ვინც ყველაზე პატარაა, თუ იმას, ვინც ყველაზე მეტად ითხოვს დახმარებას?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე. ამიტომ, კატასტროფის დროს ბევრი დაზარალებულის არსებობის შემთხვევაში გამოიყენება დაზარალებულთა დახარისხება (ანუ ტრიაჟი). მაშველის ან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის თანამშრომლების მიერ კატასტროფის ადგილზე ხორციელდება დაზარალებულთა მარკირება ფერების მიხედვით, რისთვისაც იყენებენ ოთხი ფერის მარკერს: შავს, წითელს, ყვითელს და მწვანეს. მათი ცოდნა აუცილებელია, რათა მაშველებმა და აგრეთვე შემთხვევის ადგილზე არსებულმა სხვა დამხმარე ძალამ სწრაფად გაარკვიოს, ვის ესაჭირობა დახმარება პირველ რიგში.

წითელი - აღნიშნავს სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას (პირველი დახმარება უნდა გაეწიოს დაუყოვნებლივ).

ყვითელი - დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მოსალოდნელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება რამოდენიმე საათში. (ესაჭიროება პირველი დახმარება და მეთვალყურეობა).

მწვანე - დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია (ესაჭიროება უმნიშვნელო პირველი დახმარება, მაგ. მცირე ზომის ჭრილობის შეხვევა).

შავი - დაზარალებულს მძიმე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება აქვს, ამიტომ ითვლება, რომ მათ დახმარება აღარ ესაჭიროებათ.

 

დაზარალებულის დახარისხება სიმძიმის მიხედვით ხორციელდება START (Simple Triage and Rapid Treatment - მარტივი ტრიაჟი და სწრაფი დახმარება) ალგორითმის მიხედვით:

-პირველ რიგში ნახულობენ, შეუძლია თუ არა დაზარალებულს ფეხით გადაადგილება, ამოწმებენ სუნთქვას, ნახულობენ პულსს სხივ-მაჯის სახსართან, აფასებენ დაზარალებულის ცნობიერებას, აქვე, გარეგანი სისხლდენის შემთხვევაში, ხდება მისი შეჩერება;

-თუ დაზარალებულს შეუძლია სიარული, ის მწვანე ფერით ფასდება;

-თუ სუნთქვა არ არის, ხდება სასუნთქი გზების გახსნა. თუ სუნთქვა არ აღდგა, დაზარალებულს ადებენ შავი ფერის ტრიაჟის ფურცელს და გადადიან შემდეგ დაზარალებულთან;

-თუ სუნთქვა არის და აღემატება 30-ს წუთში, წითელი ფერით ფასდება;

-თუ სუნთქვა არის და 30-ზე ნაკლებია, ნახულობენ პულსს სხივ-მაჯის სახსართან. თუ პულსი არ არის, დაზარალებულს ადებენ წითელი ფერის ტრიაჟის ფურცელს. ამავდროულად, გარეგანი სისხლდენის შემთხვევაში, ახდენენ მის შეჩერებას;

-თუ არის პულსი სხივ-მაჯის სახსართან და დაზარალებული ასრულებს რაიმე მარტივ მითითებას (მაგ. ცნობიერების შეფასების მიზნით მას სთხოვენ, გაახილოს თვალები) ტრიაჟის ფურცელი ყვითელი ფერისაა;

-ხოლო თუ დაზარალებულს არ შეუძლია მათი შესრულება, იგი წითელი ფერით ფასდება.

ამის შემდეგ მნიშვნელოვანია პირველი დახმარების დროული გაწევა ტრიაჟით განსაზღვრული რიგითობის დაცვით.

 

კატასტროფებითა და სტიქიური უბედურებებით გამოწვეული დაზიანებების სახეები:

მიწისძვრის დროს ადამიანის სხეულზე ძლიერი ძალის ზემოქმედების შედეგად ხშირია ამპუტაციის (სხეულის რომელიმე ნაწილის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა) შემთხვევები. დროული და სწორი დახმარების გაწევისას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ზოგჯერ შესაძლებელია სხეულის ამპუტირებული ნაწილის აღდგენა.

 

ამპუტაციის დროს პირველი დახმარება შემდეგში მდგომარეობს:

1.დროულად გააჩერეთ სისხლდენა პირდაპირი ზეწოლით (ზეწოლა ხელით, დამწოლი ნახვევის დადება), დაზიანებული ნაწილის აწევითა და ზეწოლის წერტილებში არაპირაპირი ზეწოლით;

2.დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზევით;

3.დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, მიაწოდეთ დისპეტჩერს, რომ საქმე გაქვთ ამპუტაციასთან;

4.შეახვიეთ ამპუტირებული ნაწილი სტერილურ საფენებში და მოათავსეთ სუფთა ცელოფანის პარკში. ეს პარკი მოათავსეთ მეორე პარკში, რომელიც გავსებულია ყინულით. დააწერეთ პარკზე დაზიანების განვითარების დრო და დაზარალებულის გვარი და სახელი. არ მობანოთ ამპუტირებული ნაწილი. ეცადეთ ამპუტირებული ნაწილის კანი არ ეხებოდეს ყინულს.

კატასტროფების დროს ასევე ხშირია ხანგრძლივი ზეწოლის ანუ "Crash სინდრომი". საგანი, რომელიც ახდენს ზეწოლას სხეულზე, იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას ზეწოლის არეში ან მის ქვემოთ. თუ ზეწოლა დიდხანს გრძელდება, ვითარდება ორი სახის გართულება: უპირველეს ყოვლისა, კუნთების დაზიანება ზეწოლის არეში. დაზარალებულის გათავისუფლების შემდეგ, აღინიშნება სისხლის გაძლიერებული დინება დაზიანებული არისაკენ. ამ დროს სხვა მნიშვნელოვან ორგანოებს (ტვინს, გულს) აკლდება ჟანგბადი. გარდა ამისა, დაზიანებული არის კუნთებში დიდი რაოდენობით გამოიყოფა სხვადასხვა მავნე ნივთიერებები (ტოქსინები). დაზარალებულის გათავისუფლების შემდეგ ეს ტოქსინები გადადიან სისხლში და იწვევენ თირკმლის დაზიანებას, რაც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისათვის. 

ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს თქვენი ძირითადი მიზანია: დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური და გაარკვიოთ, როდის განვითარდა დაზიანება. ამაზეა დამოკიდებული თქვენი შემდეგი ქმედებები. 

 

პირველი დახმარება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის დროს:

·თუ დაზიანების განვითარებიდან გასულია 10 წთ-ზე ნაკლები დრო:

1.გაათავისუფლეთ დაზარალებული რაც შეიძლება სწრაფად;

2.შეაჩერეთ გარეგანი სისხლდენა და შეახვიეთ ჭრილობები;

3.მოახდინეთ მოტეხილობის იმობილიზაცია;

4.დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები გულის დონიდან ზემოთ;

5.დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;

 

·თუ დაზიანების განვითარებიდან გავიდა 10 წთ-ზე მეტი დრო:

1.არ გაათავისუფლოთ დაზარალებული;

2.გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური და გაამხნევეთ დაზარალებული.

 

ვულკანის ამოხეთქვის დროს ხშირია ფერფლის, ტოქსიკური და აალებადი აირების ინჰალაციით, დამწვრობით, ვულკანური ქანებით გამოწვეული ტრავმული დაზიანებები.

 

ხანძრის, აფეთქების დროს ხშირია დამწვრობა, კვამლის ინჰალაცია, აფეთქების ტალღით მიყენებული ტრავმა.

ადამიანების მასიური თავშეყრის ადგილებში ხშირია მიჭყლეტით განპირობებული დაზიანებები, შემავალი ჭრილობები. ამ დროს საგანი, რომელიც იწვევს დაზიანებას, აღწევს სხეულის რომელიმე ღრუმდე (გულმკერდის, მუცლის), მკვეთრად იზრდება შინაგანი ორგანოების დაზიანების რისკი, ამიტომ შემავალი ჭრილობის არსებობისას დროულად დაფარეთ ჭრილობა სტერილური საფენით და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

 

გახსოვდეთ!

·სტიქიური უბედურებებისა და მასობრივი კატასტროფების დროს დროულად მოუხმეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის პერსონალს და სხვა მაშველებს, რათა უსწრაფესად მოხდეს დაზარალებულთა დახარისხება მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით და ამის შესაბამისად, ორგანიზებულად და სწორი თანმიმდევრობით გაეწიოთ მათ პირველი დახმარება;

·პირველ რიგში უნდა დავეხმაროთ იმ დაზარალებულს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს და ვისი მდგომარეობაც შეიძლება დამძიმდეს დროულად გაწეული დახმარების გარეშე;

·დაზარალებულთა დახარისხება უნდა ტარდებოდეს რამდენჯერმე, რადგან დაზარალებულის მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. განმეორებითი ტრიაჟის დროს უნდა მოხდეს ყველა არსებული დაზიანების სრული გამოვლენა.

 

წყარო: medportal.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 312 | დაამატა: gio | ტეგები: მოქმედების ტაქტიკა სტიქიური უბედურე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი