პარასკევი, 29.03.2024, 13:16მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 27 » მტაცებელი ფრინველის გაწვრთვნა
20:32
მტაცებელი ფრინველის გაწვრთვნა


მტაცებელი ფრინველის გაწვრთვნა

 

დაჭერილ მიმინოს, თუ იგი დედალია და თან ნარდი, ორივე ფეხზე წვრილ ზონარს აბამენ, თვალს უხვევენ და სახელდახელო ქანდარაზე სვამენ. მამალი მიმინო დედალზე გაცილებით უფრო პატააა, სუსტია და სანადიროდ არ გამოდგება, კაპოეტი კი ძალზე ჯიუტია და მის გამართვას ბაზიერები ერიდებიან.

დაჭერისთანავე მიმინო თვალახვეული მიჰყავთ შინ.

საირაოდან დაბრუნებულ ბაზიერს იმ ღამე არ სძინავს. იგი თვალახვეულ მიმინოს მოხამლავს, სინათლისშუქზე თვალს აუხსნის, მარცხელა ხელზე ჩაიცვამს ტყავის ხელთათმანს, რომ მიმინომ ბრჭყალებით ხელი არ გაუკაწროს, და მას ხელზე დაისვამს, დროგამოშვებით წყნარად უსტვენს, მიმინო მკერდსა და ფრთებზე ფრთხილად ხელის გადასმით ეალერსება, აწყნარებს და დილამდე ხელზე უზის.

უჩვეულო პირობებში მოხვედრილი მიმინო ბაზიერს ხშირად ხელიდან გაუფრინდება და ჩამოეკიდება. ამ შემთხვევაში ფრინველი მარჯვენა ხელით წყნარად უდნა დავსვათ მარცხენაზე.

მთელი ღამის განმავლობაში მიმინო თანდათან ეჩვევა ხელზე ყოფნას და აღარ ცდილობს ხელიდან გადაფრინდეს, გათენებისას ბაზიერს მიმინო გარეთ, ეზოში გაჰყავს და მყუდრო ადგილას ასეირნებს.

ფრინველის ხელზე ტარება და სეირნობა გრძელდება მანამ, სანამ მიმინო არ მიეჩვევა პატრონს, მის ხელზე ჯდომას. ტარების დროს მარცხენა ხელი ბაზიერს წყნარად და მაგრად უჭირავს, მხოლოდ ისე, რომ ნიდაყვი არ ეხებოდეს.

მიმინოს მართვა. ბაზიერმა ყოველივე ღონე უნდა იხმაროს, რომ ფრინველი მიიჩვიოს, დაიახლოოს. მიმინოს არ უნდა ეშინოდეს შინაური ცხოველის, განსაკუთრებით ძაღლის. ეს ყველაფერი ადვილი მისაღწევია მიმინოს ხშირად ხელზე ტარებით. მიმონოს გამართვის პირველი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ დილით ადრე მიმინოს მარჯვენა ხელით ბრჭყალებში მისცემენ ხორცის ნაჭერს და შეეცდებიან, რომ მიმინომ ხორცი შეჭამოს. მშიერმა მიმინომ თუ ხორცს ნისკარტი დაჰკრა და ჭამას შეუდა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მიმინო კარგი ხასიათისაა და მისი გამართვაც ადვილია.

ხშირია შემთხვევა, როცა მიმნო ბრჭყალებში მიცემულ ხორცს არც შეხედავსა და შეეცდება ხელიდან გადაფრინდეს. ამ შემთხვევაში მიმინოს ნელი სტვენით ამშვიდებენ და განაგრძობენ მის ხელზე ტარებას, შემდეგ დასვამენ ქანდარაზე და საღამომდე აშიმშილებენ.

თუ მიმინო საღამოსაც გაჯიუტდა და იგივე გაიმეორა, ეს იმის მაჩვენებელია, რომ იგი ცუდი ზნისაა და ხორცს კვლავ დილით აწვდიან მას. ბოლოს და ბოლოს შიმშილი აიჟულებს მიმინოს ბრჭყალებში მიცემულ ხორცს ნისკარტი დაჰკრას და ჭამას შეუდგეს. მაგრამ თუ სამ-ოთხ დღეში მიმინომ ხორცი არ შეჭამა, ასეთი მიმინო არ ღირს და მას თავიდან იშორებენ.

გამართვამდე მიმინოს დღეში ორჯერ უნდა კვება - დილით და საღამოთი, ხოლო გამართვის შემდეგ დღეში ერთხელ - საღამოთი. თითოეულ ჭამაზე მას მიეცემა ქონგაცლილი, უმარილო და უთარღვო ხორცი არანაკლებ 100 გრამისა ან 2 პატარა ჩიტი.

კვების რეჟიმი მტკიცედ უნდა დაიცვათ. საკვებად გამოდგება საქონლის, ცხვრის, ღორის, ცხენის ხორცი და სხვადასხვა ფრინველი, გარდა ყვავისა.

როცა მიმინოს ჩიჩახვი გაევსება, იგი ჭამას თავს ანებებს და იწყებს ხორცის მონელებას, თავს ხრის დაბლა, წინ და უკან სწევს კისერს, ავიწროებს ჩიჩახვს და შიგ დაგროვილ ხორცს კუჭში გზავნის.

ხშირად მიმინო ავიწროებს ჩიჩახვს მაშინაც, როცა გადაყლაპული აქვს ხორცის დიდი ნაჭერი ან ძვალი.

დილით გამაძღარი მიმინო მიზანშეწონილია დავსვათ ქანდარაზე 2-3 საათით მაინც, ხოლო საღამოთი - გათენებამდე.

როცა მიმინო ბაზიერს უკვე შეეჩვევა, თავისუფლად ზის ხელზე, ყოველგვარი მოფერებისა და სტვენის გარეშე ჭამს ხორცს, საღამოთი მშიერი უნდა დასვათ ქანდარაზე, დაიჭიროთ ხელში მაგრად თასმებზე წაბმული ზონარი - ხიზა, დაშორდეთ ქანდარას 1-2 ნაბიჯით და მარცხენა ხელით უჩვენოთ ხორცის ნაჭერი. ხელზე ჯდომის დროს ხორცის ჭამას მიჩვეული დამშეული მიმინო ხშირ შემთხვევაში ქანდარიდან ხელზე გადმოჯდება და იწყებს ხორცის ჭამას.

ნისკარტის რამდენჯერმე დაკვრის შემდეგ მიმინოს ხორცი ბრჭყალებიდან უნდა გამოაცალოთ, დასვათ ქანდარაზე და ეს გაკვეთილი ქანდარისაგან 5-6 ნაბიჯის დაშორებით უნდა გაიმეოროთ. შემდეგ მანძილი თანდათან გაადიდეთ - დიდი მანძილისათვის ხიზაზე უნდა წააბათ 20-25 მეტრი ზონარი, დაშორდეთ ქნდარას და ამ მანძილიდან უჩვენოთ ხორცი. როცა მიმინო თქვენთან მოფრინდება და ხელზე დაგაჯდებათ, ის მაშინ კარგად უნდა გააძღოთ და შემდეგ დავსვათ ქანდარაზე.

ასე უნდა გავიმეოროთ ყოველ საღამოს და მიაღწევთ, იმას რომ მიმინო თქვენთან მოფრინდეს არა მარტო ხორცის ჩვენების დროს, არამედ ცარიელ ხელზედაც.

როცა მიმინო საქნიერს სრულყოფილად აითვისებს, შეიძლება იგი გამართულად ჩაითვალოს. გამართული მიმინო ხშირად უნდა გყავდეთ დამჯდარი არა ქანდარაზე, არამედ თურზე, იქვე უნდა იყოს წყლით სავსე ჭურჭელი. თურზე გადაყვანამდე მიმინოს წყალი არ სჭირდება.

ბავლის გაგდება. ჩაპურების წინა დღით გამართულ მიმინოს საღამოთი უნდა მოაკვლევინოთ მწყერი და მწყრისფერი წიწილა. ეს ხდება შემდეგნაირად: 10 მეტრიანი წვრილი ზონარის ერთი ბოლო უნდა წაებას ხიზას, ხოლო მეორე - ცალ ფეხზე მწყერს ან წიწილას, რომელიც ბაზიერს დამალული ჰყავს მიმინოსაგან, მიმინო კი უზის მარცხენა ხელზე. მოულოდნელად მწყერი ან წიწილა ბაზიერმა უნდა აისროლოს (ააგდოს) მაღლა, თვალს მოჰკრავს თუ არა აფრენილს, მიმინო სწრაფად ხელიდან გადავარდება, ჰაერშივე იჭერს მსხვერპლს, ეშვება მიწაზე, შეჩერდება და რამდენიმე წუთის შემდეგ დაუწყებს კორტნას.

მაშინაც კი ნელი ნაბიჯით, სტვენით ფრთხილად უნდა მიუახლოვდეთ მიმინოს, დაიჩოქოთ, მწყერი (წიწილა) დაათვალტვინოთ, . მწყერს თავი გაუჩეხოთ და გადმოსული სისხლი მიმინოს დაანახოთ.

მიმინო მწყერს ან წიწილას თავში ნისკარტს ჩაჰკრავს და ტვინს ამოაცლის. როდესაც თავს თითქმის სრულად შეჭამს, მას მწყერი ბრჭყალებიდან ფრთხილად უნდა გამოაცალოთ და მისი ულუფა ხორცი, რომელიც მომზადებული უნდა გქონდეთ, ბრჭყალებში შეაპაროთ და ასე გააძღოთ. ამას ეწოდება ბავლის გაგდება. ეს არის პირველი გაკვეთილი (პრაქტიკული მეცადინეობა) დაჭრილ ფრინველზე.

 

წყარო: "მონადირის გზამკვლევი”

კატეგორია: ქორ–შავარდნებით ნადირობა | ნანახია: 1755 | დაამატა: gio | ტეგები: მტაცებელი ფრინველის გაწვრთვნა | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი