ოთხშაბათი, 24.04.2024, 15:11მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 427
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » პირველი დახმარება გულის შეტევის დროს
20:29
პირველი დახმარება გულის შეტევის დროს


პირველი დახმარება გულის შეტევის დროს

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს თვალწინ ვინმეს გული წაუვიდა?

-თავდაპირველად ავხსნათ, რა არის გულის წასვლა. გულის წასვლა ანუ სინკოპე არის გონების ხანმოკლე დაკარგვა, რომელიც უმთავრესად თავის ტვინში სისხლის არასაკმარისი მიდენით არის განპირობებული. როდესაც თავის ტვინს ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები აკლდება, ადამიანს ეწყება თავბრუხვევა, მთქნარება, ყურებში შუილი ჩაესმის, ფითრდება, კიდურები უცივდება, გონება ებინდება, ზოგჯერ გული მისდის. არტერიული წნევა ამ დროს დაბალია, სუნთქვა - ზერელე. სინკოპე რამდენიმე ათეული წამიდან 4-5 წუთამდე გრძელდება. გონს მოსულ ადამიანს ცნობიერება სწრაფად და სავსებით აღუდგება.

არსებობს ორთოსტატიკური გულის წასვლაც, რომელიც მწოლიარე ადამიანის მკვეთრი წამოდგომისას ვითარდება. ამ დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ ასწრებს თავის ტვინის სრულფასოვან მომარაგებაზე გადართვას.

გულის წასვლა ასევე მოსალოდნელია სხვადასხვა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატების, მაგალითად, ბეტა-ბლოკერების, დიურეტიკების, ნიტრატების ერთდროული მიღების დროს. ახლა - რაც შეეხება თქვენს შეკითხვას. გულწასული ადამიანის წამოყენება არ სცადოთ. უმჯობესია, დააწვინოთ მოხერხებულად, გაარიდოთ სახიფათო საგნებს. თუ წაქცევამდე მიაშველეთ ხელი და ახლომახლო არც დივანია და არც საწოლი, შეიძლება დასვათ და ზურგით მიაყრდნოთ სკამის საზურგეს. თავი სხეულის დონეზე უნდა იყოს. აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ ჟანგბადის კარგი მიწოდება (ზოგჯერ მარტო ამანაც კი შეიძლება გამოიყვანოს ადამიანი მდგომარეობიდან) - შევუხსნათ საყელო, ქამარი. ასევე შეიძლება, სახეზე ვაპკუროთ ცივი წყალი ან ცხვირის ნესტოებთან მივუტანოთ ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბა.


-რა არის კოლაფსი და როგორ დავეხმაროთ ამ დროს ადამიანს?

-კოლაფსი მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს:

მდგომარეობის შეცვლამ;

ძლიერმა ტკივილმა და სტრესმა;

ხანგრძლივმა დიარეამ (სითხის დიდი ოდენობით დაკარგვამ);

ძლიერმა სისხლდენამ;

სისხლძარღვოვან ცენტრზე ტოქსინების ზემოქმედებამ (მწვავე ინფექციური დაავადებისა და მოწამვლის დროს).

 

კოლაფსის ნიშნებია:

სიფითრე;

წნევის მკვეთრი დაცემა;

ძაფისებური პულსი;

ცივი ოფლი;

თავბრუხვევა;

ცნობიერების დაბინდვა ან დაკარგვა.

 

კოლაფსის დროს დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ ექიმი. ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ და ავუწიოთ ქვედა კიდურები. შეიძლება, ცხვირთან მივუტანოთ ნიშადურის სპირტიანი ბამბა.

 

-რატომ იყენებენ გულწასულის გონზე მოსაყვანად ნიშადურის სპირტს?

-ნიშადურის სპირტი ანუ ამიაკის ხსნარი ცხვირ-ხახაში არსებულ ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს, რასაც სუნთქვის ცენტრის აღგზნება, ჩასუნთქვის გაძლიერება და ორგანიზმისთვის მეტი ჟანგბადის მიწოდება მოჰყვება.

 

-ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა სტენოკარდია, რომელმაც შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტამდე მიგვიყვანოს. როგორ მოვიქცეთ, როდესაც ინფარქტს ვეჭვობთ?

-გულის არეში ტკივილს ბევრი უჩივის. ის შესაძლოა იყოს როგორც გულის ორგანული დაავადების გამოხატულება, ასევე ფუნქციური დარღვევის სიმპტომი. გულის ტკივილი ორი ტიპისაა: სტენოკარდია და კარდიალგია. კარდიალგიას ხშირად უჩივიან ქალები კლიმაქსურ პერიოდში. მას ხსნის ვალიდოლის სუბლინგვური მიღება (ენის ქვეშ დადება), რაც სტენოკარდიისა და კარდიალგიის სადიფერენციაციო ერთ-ერთი კრიტერიუმია: სტენოკარდიას ხსნის ნიტროგლიცერინი, კარდიალგიას - ვალიდოლი.

სტენოკარდია იშემიური დაავადების ანუ გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანების გამოხატულებაა, ამიტომ პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მოხდეს ტკივილის დიფერენცირება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა.

 

არ შეიძლება თვითმკურნალობა, მედიკამენტების მიღება ახლობლების რჩევით. გულმკერდის არეში მწვავე ტკივილის დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება. ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენებული სტენოკარდიული ტკივილის დროს დატვირთვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თუ ტკივილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოცენდა, საჭიროა წამოჯდომა და საწოლიდან ფეხების ჩამოშვება. თუ გულის იშემიური დაავადება უკვე დიაგნოსტირებულია, ადამიანმა მუდამ თან უნდა იქონიოს ნიტროგლიცერინის აბები ან საინჰალაციო ფორმა და საჭიროებისას გამოიყენოს.

მიოკარდიუმის ინფაქტი ანუ გულის კუნთის ნეკროზი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. მის მწვავე პერიოდში ავადმყოფი სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა მოთავსდეს. სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პირველი დახმარება ტკივილის რაც შეიძლება სწრაფად მოხსნას გულისხმობს. გახანგრძლივებული სტენოკარდიული შეტევის დროს აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

 

-არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ ჰიპერტონიულ დაავადებას. რა გვაეჭვებინებს ჰიპერტონიული კრიზის მოახლოებას?

-ჰიპერტონიული კრიზის სიმპტომებია:

მაღალი არტერიული წნევა;

თავის ტკივილი;

თავბრუხვევა;

სიფითრე;

ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;

გულისრევა, ღებინება;

აღგზნება ან ძილად მივარდნა;

მხედველობის დარღვევა.

 

ზოგიერთი ავადმყოფი გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებას უჩივის. ამ დროს, უწინარეს ყოვლისა, უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება. შემდეგ ავადმყოფს მივცეთ რაიმე დამამშვიდებელი საშუალება (ვალერიანი, ვალოკორდინი, კორვალოლი) და ექიმის მიერ დანიშნული ჰიპოტენზიური პრეპარატი.

 

-არანაკლებ უსიამოვნოა წნევის დაცემა - ჰიპოტონიური კრიზი. იქნებ ამაზეც გვითხრათ ორიოდე სიტყვა?

-პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში წნევის მკვეთრი დაცემის მიზეზად შეიძლება იქცეს ძლიერი ემოცია. ჰიპოტონიური კრიზის დროს აღმოცენდება ყრუ თავის ტკივილი, ზოგჯერ ამას დაერთვის გულისრევა, ღებინება. არტერიული წნევის ციფრები არ აღემატება 90/60 მმ.ვწყ.სვ-ს. ამ დროს ადამიანი უნდა დავამშვიდოთ და დავალევინოთ მაგარი ჩაი ან შავი ყავა - კოფეინი წნევას ასწევს.

 

-როგორ მოვიქცეთ გულისცემის გახშირების დროს?

-პაროქსიზმული ტაქიკარდია - ეს არის გულის შეკუმშვების მკვეთრი გახშირება, რომლის დროსაც პულსის სიხშირემ წუთში შეიძლება 130-150-ს მიაღწიოს. ამ დროს გულის რიტმი შესაძლოა თანაბარიც იყოს. გულისცემის გახშირებას ერთვის სისუსტე, ქოშინი, შიში. ბევრი უჩივის თავბრუხვევას, ღებინებას, მხედველობის დარღვევას. ამ დროს გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

 

-როგორ მოვიქცეთ არიტმიის შემთხვევაში?

-არიტმია სხვადასხვა ხასიათისა და ტიპისაა. სხვადასხვაა მისი მიზეზიც. გულის რიტმის დარღვევის შემთხვევაში, უწინარეს ყოვლისა, სწორედ გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს და სათანადო მკურნალობა ჩატარდეს. რაც შეეხება პირველ დახმარებას, ავადმყოფს უნდა მივცეთ დამამშვიდებელი საშუალება - 30-50 წვეთი კორვალოლი ან ვალოკორდინი - და რაც შეიძლება სწრაფად მივმართოთ ექიმს.

 

წყარო: mkurnali.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 1675 | დაამატა: gio | ტეგები: პირველი დახმარება გულის შეტევის დრო | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი