ფრინველზე სანადირო ძაღლების ველზე გაწაფვა-დაგეშვა - 30 ნოემბერში 2011 - Персональный сайт
კვირა, 04.12.2016, 17:15მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 389
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 30 » ფრინველზე სანადირო ძაღლების ველზე გაწაფვა-დაგეშვა
21:08
ფრინველზე სანადირო ძაღლების ველზე გაწაფვა-დაგეშვა


ფრინველზე სანადირო ძაღლების ველზე გაწაფვა-დაგეშვა

 

გაწაფვისა და დაგეშვის დროს საჭიროა მწვრთნელის სიმშვიდე და ორი ერთმანეთში შერეული მეთოდის - მოფერებისა (დასაჩუქრებისა) და დასჯის შერწყმა.

ალერსიანი მოპყრობა, თავის დროზე დასაჩუქრება (ხორცით, ყველით, შაქრით და სხვა) ძაღლს უფრო წაახალისებს, განუმტკიცებს თქვენდამი სიყვარულს, ნდობას და შეასწავლის საჭირო დისციპლინას, რომლის მტკიცედ დასანერგად ზოგჯერ საჭიროა დასჯაც. უკანასკნელი უნდა გამოვიყენოთ სიჯიუტის შემთხვევაში.

ძაღლის დასჯა იმით კი არ გამოიხატება, რომ აცილებლად ცემოთ მათრახით ან ჯოხით და, საერთოდ, ძლიერ მკაცრად მოექცეთ. ისიც საკმარისია, თუ ძაღლს დანაშაულისთანავე უბრძანებთ დაწვეს და აღარ მიცემთ საშუალებას მინდორში თავისუფლად ირბინოს, დააბამთ, გაუჯავრდებით და შეარცხვენთ.

ძაღლის გაწაფვა უნდა დაიწყოთ 2-3 თვის ასაკიდან, დაგეშვა კი - 6-7 თვიდან.

სახლში სწორად აღზრდილი და გაწაფული ძაღლის დაგეშვისთვის საკმარისია 25-30 დღე, 10-12-ჯერ გაყვანა მინდორში, რომ ლეკვი დაიგეშოს და მომზადდეს ნადირობისათვის, რასაკვირველია, ახადაგეშილ ძაღლში მთლიანად არ იქნება განმტკიცებული ყოველივე ის, რაც მას მოეთხოვება ნადირობის დროს. ამიტომ პირველ წელიწადს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს გაწაფვისა და დაგეშვის დროს ათვისებული ილეთების სწორად შესრულებას და არ ეცადოთ, რომ ყველა გაფრენილი ფრინველი აუცილებლად მოკლათ, მოკლედ რომ ვთქვათ, პირველ წელიწადს ახლად დაგეშილ ძაღლს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, ვიდრე შემდეგ.

დაგეშვის ილეთები. ეცადეთ ლეკვი გაიყვანოთ მინდორში დასაგეშად დილით, მშიერი, რადგან ამ დროს მისი სწავლება დაჯილდოეთ და მოფერებით უფრო ადვილია, საგეშად ისეთი დღე უნდა შეარჩიოთ, რომ არ იყოს დიდი ყინვა, ძლიერი ქარი, დიდ წვიმა ან სიცხე.

მინდორში გასვლისას ლეკვს წააბით თასმა და უბრძანეთ "ფეხთან". იგი მოგდევთ ფეხთან, გზაში ხედავს ჩიტებს, პეპლებს და იწევს მათკენ, მოეფერეთ, გადაუსვით თავზე ხელი და ისევ უბრძანეთ "ფეხთან", ამავე დროს თუ იგი წინ გისწრებთ, თასმით მოსწიეთ უკან.

გზაში ზედმეტ ბრძანებებსა და სწავლებას ნუ დაუწყებთ და არც დასაჯოთ, რომ შემდეგში ლეკვი უფრო ხალისიანად წამოგყვეთ.

მინდორში გაშვების წინ აიღეთ ლეკვისათვის წამოღებული საჭმელი და მცირე რაოდენობით დაუდეთ წინ, ამავე დროს მიეცით განკარგულება "დაწე" ან დაწოლის ნიშანი ხელით, ან სასტვენით, რაზედაც სახლში გაწვრთნის დროს გყავთ დაჩვეული დააწვინეთ, შეხსენით თასმა, მოეფერეთ და უბრძანეთ შეჭამოს მიცემული საჭმელი, ერთხელ მოკლედ დაუსტვინეთ, ლეკვი მოგაქცევთ ყურადღებას. ამ დროს ანიშნეთ ხელით, რომ მას უფლება აქვს ირბინოს. უკეთესია, თუ სიტყვითაც წაახალისებთ "წინ" "წინ".

ლეკვი გაიქცა, დარბის მინდორში, დასდევს ჩიტებს, პეპლებს, ფრინველების აღრდილს, კედლებს და სხვა. დაე ირბინოს, ვიდრე არ დაიღლება. თქვენ კი ეცადეთ თვალიდან არ დაკარგოთ და ხანდახან კიდეც დაემალეთ. როდესაც შენიშნავთ, რომ თქვენ გაახსენდით და გეძებთ, დაიწყეთ სტვენა, იგი თქვენკენ წამოვა, რადგან მას გაახსენდება სტვენასთან ერთად მიღებული ალერსი და საჩუქარი. აქ კიდევ მოამზადეთ საჭმელი და მოსვლისას დააჯილდოეთ.

როგორც კი შენიშნავთ, რომ ლეკვი უკვე დაიღალა, წააბით თასმა, უბრძანეთ "ფეხთან" და დაბრუნდით შინ. თუ გზაში ორღობე ან ვიწრო ბილიკი გაქვთ გასავლელი, მოხსენით თასმა, ჩამოიტოვეთ უკან და წამოდით ძახილით: "უკან", "უკან"," ფეხთან", "ფეხთან". თქვენ წინ ატრიალეთ თასმა, რითაც ლეკვს საშუალებას არ მისცემთ წინ გამოვიდეს; როცა იგი წინ წამოიწევს, მას მოხვდებათასმის წვერი ან თვით ლეკვი შეუშინდება თასმის მოძრაობას და აღარ გამოვა წინ. ცოტა ხანს ასე იარეთ, შემდეგ წყნარად მიუბრუნდით, მიუალერსეთ, ეცადეთ დააწვინოთ, კიდევ შეაჭამოთ მისი საყვარელი საჭმელი, წააბით თასმა, უბრძანეთ "ფეხთან" და განაგრძეთ გზა, რამდენიმე დღეს ასე ატარეთ იგი მინდორში, გაიმეორეთ ერთი და იგივე. ეს გაკვეთილი არის დაგეშვის საფუძველი.

თუ იმ მინდორში, სადაც დადიხართ არის სანადირო ფრინველი, შესაძლოა, ლეკვი მას შეხვდეს და პირველლ დღესვე გააკეთოს ნაბული. ნაბულზე აფრენილ ფრინველს ლეკვი ხალისით მისდევს. სწორედ ამ გადევნებით უნდა ისარგებლოთ და შეაჩვიოთ თოფის გასროლას. მარტო ბოლიანი დენთით დატენილი ვაზნა ჩადეთ თოფში და გაისროლეთ. ეცადეთ პირველად თოფი მაშინ ისროლოთ, როდესაც ლეკვი შორს არის და ფრინველს მისდევს.

თუ ძაღლს თოფის სროლის ეშინია, ეს დიდი ნაკლია და ამიტომ თოფის სროლის ხმის მიჩვევას უნდა მოეპყრათ დიდი სიფრთხილით, რადგან ეს არის ძაღლის სანადიროთ მომზადების ერთი ელემენტთაგანი.

თუ ლეკვი თოფის სროლაზე შეჩერდა, დაუსტვინეთ და ეცადეთ მოვიდეს თქვენთან. მოსვლისთანავე მოეფერეთ და დაასაჩუქრეთ. თუ ლეკვი წინათ არ იყო დაშინებული, 2-3 ასეთი გაკვეთილი საკმარისია თოფის სროლის ხმაზე შესაჩვევად.

გახსოვდეს, რომ მეძებარი ძაღლის მიერ ნაბულის გაკეთება თანდაყოლილი თვისებაა და, ამიტომ მისი სწავლება არ სჭირდება.

თქვენი "მოწაფე" უკვე შეეჩვია ნაბულს. ახლა საჭიროა ფრინველი ააფრინოს თქვენი ბრძანებით და არა თავისი სურვილით.

 

როგორც კი ლეკვი ნაბულზე დადგება, ნელა, სამ ოთხ ნაბიჯზე მიუახლოვდით მას და უბრძანეთ ,,წინ". ძაღლი წინ წაიწევს და ამ მოძრაობით აგიფრენთ ფრინველს. თუ იგი არ მიდის წინ, ეცადეთ მოექცეთ გვერდიდან ისე, რომ ძაღლმა შეგხედოთ და ხელის წინ გაქნევით ან ფეხის წინ გადადგმით მიაძახეთ ,,წინ". რასაკვირველია ამ ბრძანებას ძაღლი უკვე შეჩვეული გყავთ სახლში გაწაფვის დროს.

მას შემდეგ, როცა თქვენი ,,მოწაფე" შეეჩვია ნაბულიდან წინ წაწევას, ფრინველის აფრენასა და სროლის ხმას, გადადიხართ შემდგე გაკვეთილზე. წყნარად მიდით ნაბულზე გაჩერებულ ლეკვთან, მიეფერეთ, შეაბით თასმა საყელოზე, უბრძანეთ ,,წინ" და როდესაც თქვენს ხმაზე, ან ლეკვის მოახლოებაზე ფრიველი აფრინდება, ლეკვი თასმით შეაჩერეთ, მოეფერეთ, ეცადეთ დააწვინოთ და თუ აღარ გაიწია, დაწვა ან დარჩა ერთ ადგილზე, მოეფერეთ და დაასაჩუქრეთ.

რამდენიმე ასეთი გაკვეთილის შემდეგ, თუ მაიინც იწევს გამოსაკიდებლად, მაშინ წინ გაწევის დროს პატარა წკეპლით ან თავისივე თასმის წვერით დასაჯეთ და უბრძანეთ დაწვეს.

უნდა გახსოვდეთ რომ წკეპლის ერთსა და ათ დარტყმას ძაღლი ერთნაირად შეიგრძნობს. ორ-სამ დღეს ასე მოექეცით და თან ფრინველის აფრენისას აუცილებლად ისროლეთ თოფი, რასაც უნდა მოყვეს ძაღლის დაწვენა ან საერთოდ, ადგილზე დარჩენა. თუ თქვენმა ,,მოწაფემ" მაინც სცადა გამოკიდება ამის შედეგად, დაიჭირეთ მიიყვანეთ იმ ადგილზე, საიდანაც ფრინველი აფრინდა, დააწვინეთ და დასაჯეთ ან დიდი ხნის წოლით, ან ერთი წკეპლის დარტყმით. თუ ძახილზე ,,დაწე", ,,დაწე" ,,ფუ" ,,ფუ" ფრინველს არ გამოეკიდა მაშინ აუცილებლად მოეფერეთ და დაასაჩუქრეთ.

ეცადეთ მინდორში სანადიროდ ძაღლი ატაროთ ისე, რომ ქარი თქვენ გხვდებოდეთ პირდაპირ სახეში და ძაღლი კი დარბოდეს და ეძებდეს თქვენს მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ მისი მსვლელობის ხაზი პერპენდიკულარულად კვეთდეს ქარის მოძრაობის ხაზს. ასეთი მსვლელობის დროს ძაღლი უფრო შორს მყოფი ფრინველის სუნს, კარგად და სწორად გრძნობს, ყნოსავს.

ეცადეთ თქვენს ,,მოწაფეს" კარგად ჩაუნერგოთ სხვა იმ მიმართულებით რომელსაც თქვენ მიუთითებთ, და თუ ასეთი წესით ატარებთ, შეეჩვევა სწორი პარალელებით თქვენს წინ მუშაობას.

თუ თქვენი მოწაფე ამას თვთონ არ ეჩვევა, მაშინ წააბით საყელოზე 6-10 მეტრი სიგრძის წვრილი თოკი, თოკის მეორე მხარეს გაუკეთეთ ყულფი და დაიჭირეთ იგი ხელში, დადექით ქარის პირდაპირ, დააწვინეთ, გაიარეთ რამდენიმე ნაბიჯი ძაღლისათვის არჩეული მსვლელობის ხაზზე. გაჩერდით და ხელის ჩვენებით გაგზავნეთ ძაღლი მარჯვნივ ან მარცხნივ ისე , რომ ძაღლმა თქვენს წინ გაირბინოს. რასაკვირველია იგი სწრაფად გაიქცევა, თოკის სიგრძე მანძილს არ ეყოფა და რადგან თოკის მეორე მხარეს თქვენ ხელს არ გაუშვებთ, იგი მას შეაჩერებს. ძაღლი თქვენკენ წამოვა გაკვირვებული, ხელის ჩვენებით გაგზავნეთ ახლა იგი საწინააღმდეგო მხარეს. როგორც კი თქვენ გაგცდებათ, მაშინვე წინ წაიწიეთ რამდენიმე ნაბიჯით. თოკს დაჭიმავს თუ არა, დაუსტვინეთ, იგი ისევ მობრუნდება, მოეფერეთ და ისევ გაგზავნეთ მეორე მხარეს.

ასე ატარეთ ამ გაკვეთილის პირველ დღეს 15-20 წუთი, მეორე დღეს კიდევ გაიმეორეთ იგივე და შემდგე დღეებში კი თოკს სულ გაუშვით ხელი, ან შეხსენით კიდეც, თუ შენიშნოთ, რომ ძაღლი თქვენს დასტვენაზე იცვლის მიმართულებას. ყოველ მიახლოებისას მოეფერეთ და თუ ნახოთ, რომ არ მოგაქციათ ყურადღება დასტვენაზე, მოფერებაზე, თოკს უტაცეთ ხელი, დაუსტვინეთ და მოაბრუნეთ.

ასეთი წესით თქვენ მას შეასწავლით სწორ სვლას, ე.ი მასში გამოიმუშავებთ ძებნის სწორ მანერას.

ეცადეთ ეს გაკვეთილი რამდენიმე დღის მეცადინეობის შემდეგ ჩაატაროთ ისეთ ადგილას, სადაც ძაღლი მოძებნის და იპოვის ფრინველს.

დასტვენით ძაღლის სწრფად მობრუნებას, თქვენთან მოსვლას და დაწოლას დაგეშვაში პირველი ადგილი უჭირავს, რადგან ძაღლი ეჩვევა დისციპლინას და ამის შემდეგ ის თვითონ ცდილობს შეგისრულოთ სურვილი.

მეძებრის დაგეშვა უკეთესია ჭყიმპყოზე, ჭოვილოზე, გარნშნეპზე, და თუ ეს ფრინველები არ არის, მწყერზე.

სპანიელის ჯიშის სანადირო ძაღლების მომზადება ნადირობისათვის იგივეა, რაც ფრინველის მაძებარი ძაღლებისათვის და უფრო იოლიცაა, რადგან მათ ნაბული არ აქვთ.

დაგეშვის დროს მთავარი ყურადღება ექცევა ნანადირევი ფრინველის მოტანას, მტკიცე შესრულებას ბრძანებების ,,დაწე", ,,ჩემთან" და სრულ მორჩილებას მინდვრად და სახლში.

მდევარი ძაღლის გაწაფვა დაგეშვა.

მდევარი ძაღლის 7-8 თვის ლეკვს, რომელმაც უკვე გაიარა წინასწარი მომზადება, უნდა დაუწყოთ საველე გაწაფვა დაგეშვისათვის საველე მომზადება და ამიტომ ამ ასაკში უნდა დაამწყვდიოთ ან დააბათ.

ველად გაყვანის წინ ლეკვი უნდა მიაჩვიოთ საყვირს. ამისათვის, როდესაც იგი დამწყვდეულია ან დამბული, საკვების მიცემის წინ, რამდენიმე წუთით ადრე, დაუკარით საყვირი და ამის შემდეგ მიეცით საკვები. ამით ლეკვში შექმნით ისეთ რეფლექსს, რომ ყოველთვის, როცა კი თქვენი საყვირის ხმას გაიგონებს, საკვები წარმოუდება და იქეთ მიაშურებს, საიდანაც ხმა მოესმის. როცა ლეკვი საყვირის ხმაზე თქვენთან მოვა დაასაჩუქრედ. დასაჩუქრება ან საკვების მიცემა მუშაობის დროს უნდა ხდებოდეს მხოლოდ პატრონის მიერ.

სასურველია, გასაწაფავი ლეკვის პატრონს ყავდეს დამხმარე თანაშემწე. ერთი მათგანი, პატრონი ან დამხმარე, იყოს ლეკვის მომფერებელი, დამსაჩუქრებელი და თავისკენ მიმხმობი, მეორე კი ლეკვს უნდა აკავებდეს, სასჯელს ადებდეს, ე.ი ლეკვს მისი უნდა ეშინოდეს.

ველზე ან ტყეში დასაგეშად გასვლისას, პატრონი უნდა მიდიოდეს წინ, ხოლო ლეკვი უნდა მიყავდეს თანაშეწეს, რომლისაც ლეკვს ეშინია.

გზაში უ შეხვდათ შინაური პირუტყვი, მეორე პირი უნდა დააკვირდეს ლეკვის ქცევას და თუ ლეკვი პირუტყვისაკენ გაიწევს ან ყეფას დაუწყებს მას, ლეკვს სახელი უნდა მიაძახოს და დასაჯოს წკეპლით.

ლეკვს ერთი დარტყმა უნდა აკმაროთ. ამასთან საჭიროა ლეკვმა გაიგოს რისთვის დასაჯეთ.

პირველ დღეებში ლეკვი 10-15 წუთით გაგყავთ ტყის ან მინდვრის პირას. იგი უჭირავს დამხმარეს, პატრონი კი მოშორდება მცირე მანძილით და დაუკრავს საყვირს. წამყვანს ლეკვი მიჰყავს საყვირის ხმის მიმართულებით. პატრონი მასთან მისულ ლეკვს ასაჩუქრებს ხორცით ან რაიმე სხვა საკვებით. შემდეგში იგი ურო შორს მიდის და იქ უკრავს საყვირს. მისვლისას პატრონმა მას უნდა მოეფეროს და დაასაჩუქროს. ამავე გაკვეთილის განმეორებით 2-3 დღე საკმარისია რომ ლეკვი ველზე მიეჩვიოს საყვირის ხმაზე მისვლას. როდესაც, ლეკვი საყვრიის ხმაზე მიიწევს დამხმარემ ლეკვი შეიძლება გაუშვას. საყვირის ხმაზე საჩუქარს დაჩვეული ლეკვი უსათუოდ პატრონთან მივა. ახლაც ისევ უნდა დაასაჩუქროდ.

ერთი თვის ასეთი ვარჯიშის შემდეგ 8-10 თვის ლეკვი შეიძლება დაუგეშავად მიიყვანოთ მოზრდილ ძაღლებთან, რომელთან უნდა ახასიათებდეთ სრული გამგონობა. მთ უნდა ქონდეთ ყველა დადებითი სამონადირო თვისება, კარგი ყნოსვა, გამოცდილება, სისწრაფე, გულადობა, ნადირის დევნა, გამძლეობა. უნდა იყოს მაგარი ფეხს გულისმქონე, თავშეკავებული, სწრაფად მიდიოდეს ძახილზე-საყვირზე.

დაგეშილი ძაღლები ნახავენ რა კვალს, ან გამოაგდებენ ნადირს ბუნაგიდან, შეჰყეფენ. პატრონმა მაშინვე უნდა მისცეს ხმა და მიაყვიროს ,,მიჰყეთ". ,,მიჰყეთ" და ეს ძახილი დროგამოშვებით განაგრძოს, მანამდე სანამ ყველა ძაღლის და მეტადრე ლეკვების ხმას არ გაიგონებს. თუ ძაღლები გაჩუმდნენ, დაკარგეს კვალი ან თვით ნადირი, პატრონი უნდა მივიდეს იმ ადგილზე, სადაც ძაღლებმა დაკარგეს ნადირი ან მისი კვალი და დაიწყოს ირგვლივ ძებნა. პირველი წრე იმ ადგილს ისე უნდა შემოუაროს რომ წრე იყოს პატარა, შემდეგ კი წრე თანდათან უნდა გაადიდოს. უნდა ეცადოს ასეთი შემთხვევის დროს ძაღლმა არ მიატოვოს ნადირის ძებნა და აუცილებლად მოანახვინოს იგი.

არიან დაბალხმიანი ძაღლები ან ისეთები,, რომლებიც მოუთმენლობის გამო ტყვილა ყეფენ, ან ღამით საკვებზე უკვე ნამყოფი ნადირის კვალს უყეფენ. ძაღლის პატრნს უნდა ახსოვდეს, რომ ასეთ ძაღლებთან ლეკვის დაგეშვა გაწაფვა არ შეიძლება, რადგან ლეკვი მათ ნაკლს მეტწილად ითვისებს და შემდეგში პატრონის მიერ ამ შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი ხდება.

ლეკვი თვენახევრის განმავლობაში, ტყეში ან ჭალაში უნდა მოხვდეს 15-20 ჯერ მაინც, რის შემდეგაცდაიწყებს დამოუკიდებლად მუშაობას.

შეიძლება შეგხვდეს ისეთი ახალგაზრდა ძაღლიც, რომელიც ფეხიდან არ მოგშორდეს და სრულიადან არ გაჰყვეს სხვა ძაღლებს. ამაზე გული არ გაიტეხოთ, ასეთი ლეკვი ტყეში ისე უნდა ატაროთ რომ ბილიკებს ააცილთ და ყოველთვის მიიყვანოთ ისეთ ადგილებში, სადაც, შესაძლებელია ნადირთან შეხვედრა.

დაგეშვის დროს, როდესაც ძღლი მისდევს ნადირს ან მის კვალს მას არასდროს არ უნდა დაუძახოთ, რომ თქვეს მიერ შენიშნული ნადირის კვალზე დააყენოთ, თუ კი არ დარწმუნდებით, რომ ძაღლმა ნამდვილად დაკარგა ნადირის კვალი. მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოიძახოს მონადირემ ძაღლი კვალზე დასაყენელად, როდესაც იგი დარწმუნდება, რომ ძაღლმა კალი უკვე დაკარგა. ამ შემთხვევაში მონადირე თვითონ გადაირბენს მიფარებული ნადირის კვალისაგან, მოუხმობს ძაღლს სახელით და მიაძახებს ,,აჰა" ,,აჰა", ,,აი-აი" , ან მსგავს სიტყვას. ბევრი მონადირე ცდება, როდესაც ხშირად ასე ეძახის ისეთ ძაღლს, რომელიც უნდათ მხოლოდ მოიხმოს ან ტყიდან გამოიყვანოს. ამით ატყუებს ძაღლს, და სწორედ ამის შედეგია, რომ მდევარი აღარ უჯერებს პატრონს და კვალზე დაყენების დროსაც არ მიდის მასთან.

ლეკვის დაგეშვა გამოცდილ ძაღლთან არ უნდა გრძელდებოდეს დიდხანს, როგორც კი შეატყობთ, რომ ლეკვმა უკვე დაიწყო ძებნა და ნადირის დევნა, ამის შემდეგ იგი მოზრდილ ძაღლს უნდა მოაცილოთ და მარტო ატაროთ. თორემ მიეჩვევა, რომ დიდმა იპოვოს და თვითონ არ იწყებს ძებნას. ამიტომ ის მარტო უნდა დაგეშოთ.

მდევრების დასაგეშად საუკეთესო თვეებად მიგვაჩნია, სექტემბერი, ოქტომბერიდა ნოემბერი. ლეკვის დაგეშვა გაზაფხულზე, აპრილის შუარიცხვებამდე არ ვარგა, ვინაიდან ამ დროს ტყეს ჯერ ფოთოლი არ ასხია და ნადირს ლეკვი დაუწყებს თვალდათვალ ძებნად და გაყოლას. ეს კი ხელს უშლის ლეკვის სამონადირეო თვისებების განვითარებას, მეტადრე ყნოსვით ძებნას.

ზემოთმოყვანილი წესებით დაგეშილი ლეკვი ძებნას დაუწყებს და სდევნის კურდღელს, ტურას, მგელს, ღორს, დათვს და თითქმის ყველა ნადირს.

თუ გსურთ, რომ ღორზე ან სხვა დიდ ფრთხილ ნადირზე დაგეშოთ თქვენი ძაღლი, ლეკვს პირველად სხვა ძაღლებთან დაგეშვის დროს უნდა აჩვენოთ თქვენთვის სასურველი ნადირი, მიუსიოთ მას, მოკვლის შემთხვევაში დააგლეჯინოთ მისი ლეში.

თუ ღორზე გვინდა დავგეშოთ ლეკვი იგი უნდა მოვარიდოთ სხვა ნადირებს.

მდევარი ძაღლების გაწაფვა დაგეშვის მეთოდები მრავალგვარია. ჩვენ შევეცადეთ აქ მოგვეყვანა ყველაზე უფრო გავრცელებული მეთოდი, რომელთაც ჩვენი მონდირეები უფრო მისდევენ და რომელიც გამოსადეგია ჩვენი პირობებისათვის.

 

მყეფარების გაწაფვა დაგეშვა.

მყეფარა ძაღლები რამდენიმე სახეობისაა. სანადიროდ იყენებენ 4 სახეობას: აღმოსავლეთ ციმბირის, დასავლეთ ციმბირის, რუსულ-ევროპულს და ფინეთ-კარელიისას. ესენი უნივერსალური სანადირო ძაღლებია და ამიტომ მათი გაწაფვა და დაგეშვა დამოკიდებულია იმაზე, თU რა ნადირზე ან რომელ ფრინველზე გსურთ დაგეშოთ.

 

მწევარი ძაღლის გაწაფვა დაგეშვა.

მწევარი ძაღლი ლეკვობის დროს უნდა შეაჩვიოთ შინაურ ცხოველებს, რომ მათ არ ერჩოდეს. 9-10 თვისას შეიძლება დაუწყოთ დაგეშვა.

უნდა გახსოვდეთ რომ მწევარი ძაღლი, ნადირს ეძებს მეტწილად თვალით და იშვიათად ყნოსვით, ამიტომ როცა გაიყვანთ მინდორში, უნდა გაუშვათ და უთვალთვალოთ. როგორც კი შენიშნავთ რომ ნადირი ადგა, მაშინვე იქეთ უნდა გაეშუროთ და ძაღლი წააქეზოთ ,,ეცი" ,,ეცი". შეხედავს რა გაქცეულ ნადირს მწევარი მაშინვე გამოეკიდება, დაეწევა და დაიჭერს მას. რაც შეიძლება მალე უნდა მიხვიდეთ და დაჭრილი ნადირი ჩამოართვათ. სასარგებლოა თუ ლეკვს ატარებთ უკვე დაგეშილ მოზრდილ ძაღლთან.

 

სოროს ძაღლის გაწაფვა დაგეშვა.

სოროს ძაღლებს ეკუთვნიან ტაქსები და ფოქსტერიერები. ეს ძაღლები ჩვენში ნაკლებად არიან გავრცელებულები და თუ არიან ისინიც ოთახის ძაღლებად არიან გადაქცეულები.

ამ ჯიშების ძაღლების აღზრდა გაწაფვა დაგეშვამდე, ისეთივეა როგორიც ოველი ლეკვის. დაგეშვა იწყება 6 თვის ასაკიდან. პირველად მას აჩვენებენ და აღრჩობინებენ ვირთაგვებს, რადგან მაჩვზე და მელაზე შესაძლა შეშინდეს, შეიძლება დაკბინონ კიდეც პატარა ლეკვი.

სოროს ძაღლის დანიშნულებაა მელა გამოიყვანოს სოროდან სასროლზე. როცა ძაღლი მელიის სოროში შედის მონადირე ყურს უგდებს მის ყეფას და იწყებს თავზე მიწის თხრას, ანუ სოროს ზემოდან ხსნის და ძაღლს იქვე დაახრჩობიონებს მელას ან მელა გამოვა სოროდან და მონადირე თოფით კლავს მას. მაჩვს და ენოტისებურ ძაღლს კი სოროს ძღლები მეტწილად შიგ სოროში ახრჩობენ და გამოაქვთ. როდესაც ლეკვს ვეშველებით და სოროს თავზე მიწას ვთხრით, მივალთ თუ არა ძაღლისა და ნადირის მახლობლად, ბარით უნდა ჩავღობოთ ძაღლსა და ნადირს შუა, ამოვიყვანოთ ძაღლი, ნადირი კი ცოცხლად დავიჭიროთ ან მოვკლათ შიგ სოროშივე.

ამ ძაღლების დაგეშვა გამოიხატება იმით რომ შეეჩვიოს ნადირის კვალის ძებნას და, რაც შეიძლება თამამად და გულადად შეჰყვეს მას სოროში. ეს კი უმთავრესად წაქეზებით ხდება.

ამ ბოლო ხანებში შემოღებულია ამ ძაღლების მსხვილ ნადირზე დაგეშვა იმავე წესით როგორც მდევრების. ეს მოანდირეებისათის ხელსაყრელია, ბინაიდან სოროს ძაღლები სწრაფად არ სდევნიან ნადირს, ნადირიც შორს არ გარბის მათგან და ასეთი ნადირის მოპოვება უფრო ადვილია.

 

წყარო: monadire.ge

კატეგორია: კინოლოგია და ვეტერინარია | ნანახია: 447 | დაამატა: gio | ტეგები: ფრინველზე სანადირო ძაღლების ველზე გ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი