ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტრავმა
ტრავმის დროს შეიძლება განვითარდეს ძვალ-კუნთოვანი სისტემის
სხვადასხვა დაზიანება:
-ძვლის მოტეხილობა - მისი მთლიანობის დარღვევა;
-ძვლის ამოვარდნილობა - მისი არაბუნებრივი გადაადგილება სახსარში
(ძვლების შეერთების ადგილი);
- რბილი ქსოვილების ტრავმა - კუნთების ან მყესების (აკავშირებს კუნთს
ძვალთან) დაზიანება.
რბილი ქსოვილების დაზიანება
რბილი ქსოვილების დაზიანების ტიპები:
·მყესის დაჭიმვა - მყესის დაზიანება სახსართან ახლოს. ის
განპირობებულია უეცარი, მოულოდნელი მოძრაობით სახსარში, რომელიც იწვევს ძვლების
დაშორებას ერთმანეთისაგან და იწვევს ახლომდებარე ქსოვილების გაგლეჯას;
·კუნთის ნაწილობრივი გაგლეჯა ან დაჭიმვა;
·რუპტურა - კუნთის ან მყესის მთლიანი გახევა;
·სისხლჩაქცევა რბილ ქსოვილებში, რომელიც შეიძლება ზოგჯერ ინტენსიური
იყოს.
რბილი ქსოვილების დაზიანების ნიშნები:
·ძლიერი ტკივილი დაზიანების არეში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს;
·მოძრაობის შეზღუდვა ან შეუძლებლობა;
·სისხლჩაქცევა ან შეშუპება დაზიანების არეში;
·დეფორმაცია დაზიანების მხარეს.
პირველი დახმარება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს.რბილი ქსოვილების
დაზინებაზე ეჭვის შემთხვევაში თქვენი მიზანია შეამციროთ ტკივილი და შეშუპება და
დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
რბილი ქსოვილის დაზიანების დროს იმოქმედეთ RICE ალგორითმის მიხედვით:
R-REST-მოსვენება;
I-ICE-ყინული;
C-COMPRESSION-ზომიერად მჭიდრო ნახვევის დადება;
E-ELEVATION-სხეულის დაზიანებული ნაწილის ზემოთ აწევა.
პირველი დახმარების თანმიმდევრობა:
1.მოასვენეთ და დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი
დაზარალებულისთვის მყუდრო მდებარეობაში;
2.თუ ტრავმა ახალი განვითარებულია, დაადეთ დაზიანებულ არეზე ყინულიანი
საფენი;
3.დაადეთ დაზიანებულ არეზე ზომიერად მჭიდრო ნახვევი. ნახვევის ქვეშ
მოათავსეთ ბამბის ფენა ან რბილი საფენი. თუ ნახვევის დადება თვითონ არ შეგიძლიათ
მიმართეთ სხვას;
4.ასწიეთ ზემოთ და ასეთ მდებარეობაში დააფიქსირეთ სხეულის დაზიანებული
ნაწილი. ეს შეამცირებს სისხლის ნაკადსა და სისხლჩაქცევას დაზიანებულ არეში;
5.დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზიანება
ძალიან მსუბუქია ურჩიეთ დაზარალებულს მოასვენოს კიდური და საჭიროების შემთხვევაში
მიმართოს ექიმს.
ძვლის ამოვარდნილობა
ძვლის ამოვარდნილობა შეიძლება განპირობებული იყოს ძლიერი ძალით
გარეგანი ზემოქმედებით ან კუნთთა შეკუმშვით, რომელიც იწვევს ძვლის გადაადგილებას
სახსარში. ეს დაზიანება ძალიან მტკივნეულია და უფრო ხშირად ვითარდება მხრის,
თითების ან ქვედა ყბის სახსრებში. ტკივილს, როგორც წესი თან სდევს, დაზიანების
არეში დეფორმაცია, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა.
ამოვარდნილობის დროს თქვენი ძირითადი მიზანია სხეულის დაზიანებული
ნაწილის ფიქსაცია და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.
პირველი დახმარება ამოვარდნილობის დროს:
·არ შეასწოროთ ძვალი, რადგან ამით შეიძლება გამოიწვიოთ დაზიანების
გაღრმავება;
·უთხარით დაზარალებულს, არ ამოძრაოს სხეულის დაზიანებული ნაწილი და
დაუფიქსირეთ იგი;
·გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
·არ ამოძრაოთ დაზარალებული, სანამ არ მოხდება დაზიანებული ნაწილის
სრული ფიქსაცია;
.არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი და სასმელი, გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების მოსვლამდე.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ზუსტად დადგენა, რა სახის დაზიანებასთან გაქვთ
საქმე, ჩაატარეთ მოტეხილობის ანალოგიური პირველი დახმარება.
ძვლის მოტეხილობა
არჩევენ ძვლის ღია და დახურულ მოტეხილობას:
ღია მოტეხილობისათვის დამახასიათებელია კანის საფარველის მთლიანობის
დარღვევა. ამ დროს დაზიანებულ არეში არის ჭრილობა და სისხლდენა. ღია მოტეხილობის
დროს მაღალია ინფიცირების რისკი.
დახურულ მოტეხილობასთან გვაქვს საქმე, თუ კანის მთლიანობა დაზიანებულ
არეში დარღვეული არ არის. ამ დროს დაზიანებულ არეში აღინიშნება სისხლჩაქცევა და
შეშუპება.
ძვლის მოტეხილობა შეიძლება იყოს განვითარებული:
1.პირდაპირი ძალის ზემოქმედების დროს - ძვლის მოტეხილობა შეიძლება
განვითარდეს იმ ადგილას, სადაც უშუალოდ არის მიყენებული ძალა (მაგ. მანქანის
დარტყმის შედეგად ვითარდება წვივის და ბარძაყის ძვლების მოტეხილობა);
2.არაპირდაპირი ძალით, მაგ. გაშლილ ხელზე ვარდნისას ხშირია ლავიწის
ძვლის მოტეხილობა;
3.ძვლის მოტეხილობა შეიძლება განაპირობოს ბრუნვითმა მოძრაობამ
სახსარში.
მოტეხილობისათვის დამახასიათებელია:
·ძლიერი ტკივილი დაზიანების არეში, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს;
·მოძრაობის შეზღუდვა ან შეუძლებლობა (მაგალითად, სიარულის
შეუძლებლობა);
·სისხლჩაქცევა, შეშუპება დაზიანების არეში;
·დეფორმაცია დაზიანების მხარეს (ხელის ან ფეხის დამოკლება, უჩვეულო
მდებარეობა);
·შოკის ნიშნები.
პირველი დახმარება დახურული მოტეხილობის დროს:
1.სთხოვეთ დაზარალებულს იწვეს მშვიდად და დააფიქსირეთ სხეულის
დაზიანებული ნაწილი მოტეხილობის ზემოთ და ქვემოთ ხელით, სანამ არ მოხდება მისი
იმობილიზაცია (ფიქსაცია);
2.კარგი ფიქსაციისათვის დაამაგრეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი
დაუზიანებელზე. თუ მოტეხილობა არის ხელზე დააფიქსირეთ ის სხეულზე სამკუთხა
ნახვევის საშუალებით. ფეხზე მოტეხილობის არსებობისას დააფიქსირეთ დაზიანებული ფეხი
მეორეზე. შეკარით კვანძები დაუზიანებელი ფეხის მხრიდან;
3.დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.
თუ შესაძლებელია ჩაატარეთ შოკის პროფილაქტიკა, აუწიეთ დაზარალებულს ფეხები ზემოთ.
4.შეამოწმეთ პულსი, მგრძნობელობა და კაპილარული ავსება ნახვევის
ქვემოთ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ. თუ სისხლის მიმოქცევა ან მგრძნობელობა
დაქვეითებულია, დაადეთ ნაკლებ მჭიდრო ნახვევი.
ტრაქცია. თუ მოტეხილია ბარძაყის ძვალი და ფეხი არაბუნებრივ
მდებარეობაშია (მოხრილია, მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები კუთხით განლაგებულია
ერთმანეთთან), ჩაატარეთ დაზიანებული ფეხის ტრაქცია (დაჭიმვა), რათა დაუბრუნოთ მას
ბუნებრივი მდებარეობა. ეს ხსნის კუნთთა დაჭიმულობას, ამცირებს ტკივილსა და
სისხლდენას მოტეხილობის არეში. ტრაქციის ჩატარებისათვის ფრთხილად დაჭიმეთ ფეხი
ძვლის გასწვრივ, სანამ არ იქნება შესაძლებელი მისი იმობილიზაცია. თქვენ არ
მიაყენებთ დაზარალებულს ზიანს, თუ ჩაატარებთ დაჭიმვას სხეულის სიგრძივი ღერძის
მიმართულებით. მაგრამ არ გააგრძელოთ დაჭიმვა, თუ ის ძლიერ ტკივილს იწვევს.
ღია მოტეხილობის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია:
·სისხლის დანაკარგის შემცირება;
·მოძრაობისა და ინფექციის გავრცელების შესაძლებლობის შემცირება;
·გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.
პირველი დახმარება ღია მოტეხილობის დროს:
1.დროულად მოუხმეთ დახმარებას, რათა დამხმარემ ჩაატაროს სხეულის
დაზიანებული ნაწილის იმობილიზაცია, სანამ თქვენ დაამუშავებთ ჭრილობას. დაფარეთ
ჭრილობა სუფთა საფენით და მოახდინეთ პირდაპირი ზეწოლა სისხლდენის შეჩერების მიზნით.
არ მოახდინოთ ზეწოლა უშუალოდ მოტეხილი ძვლის ფრაგმენტებზე;
2.ჭრილობაზე თითებით შეხების გარეშე, საფენის ზემოდან ფრთხილად
შემოფარგლეთ დაზიანებული არე ბამბით ან სხვა სუფთა ქსოვილით და დააფიქსირეთ ის
ნახვევით. თუ ჭრილობაში მოჩანს მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები, მოათავსეთ რბილი
ქსოვილი ძვლის ფრაგმენტების გარშემო ისე, რომ ქსოვილი სცილდებოდეს მათ და ნახვევი
არ ახდენდეს ზეწოლას ძვლის ფრაგმენტებზე. დაამაგრეთ ნახვევი ისე, რომ არ დაირღვეს
სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ;
3.ჩაატარეთ მოტეხილი ძვლის იმობილიზაცია, ისევე, როგორც დახურული
მოტეხილობისას;
4.დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;
5.ჩაატარეთ შოკის პროფილაქტიკა. შეამოწმეთ პულსი, კაპილარული ავსება
და მგრძნობელობა ნახვევის ქვემოთ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ.
სხვადასხვა მოტეხილობები
სახის არეში ხშირია ცხვირის, ყვრიმალის და ქვედა ყბის ძვლების
მოტეხილობა. ასევე მოსალოდნელია ქვედა ყბის ამოვარდნილობა. სახის არეში
მოტეხილობის დროს შესაძლებელია სასუნთქი გზების დახშობა, განპირობებული შეშუპებით,
მოტეხილი კბილებით, სისხლის კოლტით ან ნერწყვით. ასევე მოსალოდნელია ქალას,
კისრისა და ტვინის დაზიანება.
სახის არეში მოტეხილობის დროს პირველი დახმარების ძირითადი მიზანია –
სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება და გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის
დროული გამოძახება.
პირველი დახმარება სახის არეში მრავლობითი მოტეხილობის დროს:
·სწრაფად გახსენით სასუნთქი გზები. თუ საჭიროა გაასუფთავეთ პირის ღრუ;
·თუ დაზარალებული უგონოდაა, გადაიყვანეთ ის უსაფრთხო მდებარეობა;
·თუ დაზიანებულია ქვედა ყბა, მოათავსეთ რბილი საფენი სახის ქვეშ;
·დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
·თუ დაზიანებულია ყვრიმალის ძვალი ან ცხვირი, გააჩერეთ სისხლდენა
ცხვირიდან და სწრაფად დაადეთ დაზიანებულ არეს ცივი კომპრესი შეშუპების შემცირების
მიზნით;
·თუ მოტეხილია ქვედა ყბა, მიეცით დაზარალებულს რბილი საფენი და
სთხოვეთ დააფიქსიროს ქვედაყბა ხელით.
ზედა კიდურზე (ხელზე) მოტეხილობის არსებობისას დაზიანებული ძვლის
ფიქსაციის საუკეთესო საშუალებაა სამკუთხა ნახვევი. თუ მოტეხილია ლავიწის ძვალი ან
მტევნის ძვლები, საჭიროა ამწევი სამკუთხა ნახვევის დადება. ამისათვის:
·მოათავსეთ დაზიანებული ხელი მეორე მხარზე გულმკერდის გასწვრივ.
უთხარით დაზარალებულს დააფიქსიროს ის ამ მდებარეობაში იდაყვის არეში.
.გადააფარეთ დაზიანებულ ხელს სამკუთხა ნახვევი ისე, რომ მისი ერთი
კიდე გადაკიდებული იყოს ჯანმრთელი ხელის მხარზე, ხოლო სწორი კუთხე მიმართული იყოს
დაზიანებული ხელის იდაყვისკენ. შეკეცეთ სამკუთხა ნახვევის ერთი კიდე დაზიანებული
ხელის მტევნის ქვეშ. ამის შემდეგ შეკეცეთ სამკუთხა ნახვევის გრძელი მხარე იდაყვის
ქვეშ. გადაიტანეთ სამკუთხა ნახვევის კუთხე ზურგზე და შეკარით მხარზე. დაამაგრეთ
სამკუთხა ნახვევი იდაყვზე ქინძისთავით.
·მოათავსეთ რბილი საფენი გულმკერდსა და დაზიანებულ ხელს შორის.
დაკეცეთ მეორე სამკუთხა ნახვევი და შეკარით გულმკერდის გასწვრივ ისე, რომ კვანძი
იყოს შეკრული ჯანმრთელ გვერდზე. გამოაჩინეთ დაზიანებული ხელის ცერა თითი და ყოველ
10 წთ-ში ერთხელ შეამოწმეთ კაპილარული ავსება.
·თუ დაზიანებულია მტევანი, ამწევი სამკუთხა ნახვევის დადებამდე
მოათავსეთ მის ქვეშ რბილი საფენი.
·ამწევი სამკუთხა ნახვევი გამოიყენება ნეკნების მოტეხილობის დროსაც.
ამ შემთხვევაში გულმკერდის კედლის ფიქსაციის მიზნით დაზიანებულ მხარეს ადებენ
ამწევ სამკუთხა ნახვევს.
თუ მოტეხილია მხრის, წინამხრის ძვლები ან არის ამოვარდნილობა მხრის
სახსარში, ხელის იმობილიზაციისათვის გამოიყენეთ არაამწევი სამკუთხა ნახვევი.
ამისათვის მოათავსეთ სამკუთხა ნახვევი გულმკერდზე ისე, რომ სწორი კუთხე მიმართული
იყოს დაზიანებული ხელის იდაყვისაკენ. მოხარეთ დაზიანებული ხელი იდაყვის სახსარში
სწორი კუთხით, გადმოიტანეთ სამკუთხა ნახვევის ქვედა კიდე და მიიტანეთ დაზიანებული
ხელის მხართან. შეკარით კიდეები. დააფიქსირეთ ნახვევის თავისუფალი კიდეები
იდაყვთან ახლოს ქინძისთავით. მოათავსეთ რბილი საფენი დაზიანებულ ხელსა და
გულმკერდს შორის.
თუ მოტეხილია წინამხრის ძვლები, სამკუთხა ნახვევის შეკვრამდე ჩააფინეთ
რბილი საფენი წინამხარსა და სამკუთხა ნახვევს შორის. დაკეცეთ მეორე სამკუთხა
ნახვევი და შეკარით გულმკერდის გასწვრივ ისე, რომ კვანძი იყოს შეკრული ჯანმრთელ
გვერდზე. გამოაჩინეთ დაზიანებული ხელის ცერა თითი და ყოველ 10 წთ-ში ერთხელ
შეამოწმეთ კაპილარული ავსება.
მენჯის ძვლების მოტეხილობა სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებებს
მიეკუთვნება, რადგან იგი ძლიერი შინაგანი სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს.
მენჯის ძვლების მოტეხილობისათვის დამახასიათებელია:
. დგომისა და სიარულის შეუძლებლობა მაშინ, როდესაც ფეხები დაზიანებული
არ არის;
. ტკივილი წელის, საზარდულისა და ბარძაყის მიდამოში, რომელიც ძლიერდება
მოძრაობისას;
. სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
. ტკივილი შარდვისას;
. შინაგანი სისხლდენისა და შოკის ნიშნები.
მენჯის მოტეხილობაზე ეჭვის მიტანისას თქვენი ძირითადი მიზანია
დაუყოვნებლივ გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
პირველი დახმარება მენჯის ძვლების მოტეხილობის დროს:
1.დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და გაუსწორეთ ფეხები ან ოდნავ
მოხარეთ ისინი, თუ დაზარალებული უფრო კომფორტულად გრძნობს ასე თავს;
2.მოათავსეთ რბილი საფენები ფეხებს შორის და დააფიქსირეთ ფეხები
ერთმანეთზე. არ ჩაატაროთ ეს მანიპულაცია, თუ ამ დროს დაზარალებული უჩივის ტკივილს;
3.დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
საჭიროებისას ჩაატარეთ პირველი დახმარება შოკის დროს.
ქვედა კიდურების ძვლების დაზიანების დროს ასევე საჭიროა დაზარალებულის
ზურგზე დაწვენა და ფეხების ფიქსაცია ერთმანეთზე. ამ დროს დაუზიანებელი ფეხი მიაქვთ
დაზიანებულთან. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ნახვევის დადება და ფეხის ფიქსაცია
უშუალოდ დაზიანებული არის ქვემოთ და ზემოთ. ამის შემდეგ ხდება ფიქსაცია მუხლისა და
ტერფის არეში. გახსოვდეთ, რომ ბარძაყის მოტეხილობის (დახურული) დროს
იმობილიზაციამდე აუცილებელია ტრაქციის ჩატარება. გახსოვდეთ, თუ დაზიანება განლაგებულია
სახსრის არეში, არ გაასწოროთ კიდური. სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე დააფიქსირეთ
ის იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოაჩინეთ.
თავისა და ხერხემლის მიდამოს ტრავმა.
თუ დაზარალებულმა მიიღო ზურგის ან კისრის ტრავმა, ყოველთვის
მოსალოდნელია ხერხემლის დაზიანება. ეს უკანასკნელი ძალიან საშიშია, რადგად ამ დროს
არის ზურგის ტვინის დაზიანების საშიშროება. დაზარალებულის სიცოცხლისათვის ასევე
სახიფათოა თავის ქალას ტრავმები. ამიტომ თუ დაზარალებულმა მიიღო ტრავმა ზურგის,
კისრის ან თავის არეში, არ ამოძრაოთ ის. დაზარალებულის მოძრაობა შეიძლება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე თქვენ უნდა დააფიქსიროთ
დაზარალებულის თავი სხეულის შუა ხაზზე. ამისათვის მოათავსეთ ხელები დაზარალებულის
ყურებზე. მუდმივად აწარმოეთ თავის ფიქსაცია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის
მოსვლამდე. შეიძლება სთხოვოთ თქვენს დამხმარეს, მოათავსოს დაზარალებულის კისრისა
და თავის გარშემო დახვეული პირსახოცები.
გახსოვდეთ!
·არ ამოძრაოთ დაზარალებული, სანამ არ მოხდება დაზიანებული ნაწილის
სრული ფიქსაცია. დაზარალებულის მოძრაობა ტრავმის დროს შეიძლება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
·არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი და სასმელი, გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების მოსვლამდე.
·ყინულის დადება უშუალოდ კანზე არ შეიძლება. ცივი საფენი ამცირებს
შეშუპებას, სისხლჩაქცევასა და ტკივილს.
·თუ დაზიანება აღინიშნება სახსრის არეში, არ გაასწოროთ კიდური.
·ნებისმიერი ტრავმის დროს გახსოვდეთ ხერხემლის ტრავმის შესაძლო
არსებობის შესახებ და არ გააღრმავოთ დაზიანება.
·დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება მენჯის
ძვლების მოტეხილობაზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან იგი სიცოცხლისათვის საშიშ
დაზიანებების რიცხვს მიეკუთვნება.
წყარო: medportal.ge
|