კომპანია ”ყაზბეგს” სამონადირეო მეურნეობა ”ივრის ჭალები” კახეთში ყორუღისა და ჭაჭუნას აღკვეთილში აქვს. მეურნეობას საგარეჯოს რაიონში 1000, ხოლო დედოფლისწყაროს რაიონში 700 ჰექტარი ფართობი უკავია. მდინარე ივრის ჭალებში თევზაობის გარდა, ღორზე, ხოხობზე, სხვადასხვა სახეობის წყალმცურავ ფრინველზე (იხვი, ბატი და სხვა), ასევე მტაცებლებზე – მგელზე, ტურაზე, კატასა და მელიაზე არის ნადირობა შესაძლებელი. ნადირობის სეზონი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და პირველ იანვრამდე გრძელდება. გამონაკლისის სახით-ტახზე ნადირობა პირველ თებერვლამდეა ნებადართული. სამონადირეო მეურნეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურაც არის განვითარებული. მონადირეებისა და მეთევზეთათვის განკუთვნილ სასტუმროს ერთდროულად 12-15 სტუმრის მომსახურება შეუძლია. ივრის ზეგანზე ჩამოყალიბებულია მშრალი სუბტროპიკული ვაკე-წვრილმთიანეთის სტეპური და არიდული ტყე-ბუჩქნარის ლანდშაფტები. ახასიათებს მაღლობ-წვრილმთიანი რელიეფი, ანტიკლინური სერები და სერებშორისი ვაკე-ტაფობები, პლატოები და მშრალი ხევ-ხეობები. ჰავა მშრალი კონტინენტურია. ზამთარი ცივი, ზაფხული ცხელი და გვალვიანია. საშუალო წლიური ტემპერატურა 10-110-ია, მაქსიმალური - 400ჩ. სავეგეტაციო პერიოდში 100-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3200-38000-ია. წლიური ნალექები 400-500 მმ-ია, დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. გაბატონებულია დასავლეთის ქარები, განსაკუთრებით ძლიერი ქარი იცის ზამთარში. ასეთ კლიმატურ პირობებში მცირე და საშუალო სისქის შავმიწა, წაბლა, დამლაშებულ, გაჯიან და ტყის რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე გავრცელებულია სტეპისა და ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, ზოგან არიდული ნათელი ტყე-ბუჩქნარი.