სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2011 » მარტი » 2 » კინტრიშის დაცული ტერიტორიები
16:27 კინტრიშის დაცული ტერიტორიები |
ტბა თბიყელი ტბა სიძერძალი
კინტრიშის დაცული ტერიტორიები
კინტრიშის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. კინტრიშის დაცული ტერიტორიები შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის მანძილზე აქ თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +24 გრადუსი, ხოლო იანვრის +4 გრადუსია. ნაკრძალის მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მთიანი რელიეფი ღრმა ხეობებითაა დასერილი. ნაკრძალის წყლის მთავარი არტერია – მდინარე კინტრიში სათავეს ხინოს მთიდან იღებს და კურორტ ქობულეთის სიახლოვეს შავ ზღვაში ჩაედინება. მისი საერთო სიგრძე 45 კილომეტრია. ნაკრძალის დანარჩენი მდინარეები და ღელეებია: ხეკნარა, პერანგა, მამედაღი, დიდღელე, მისანათის ღელე, რომელზეც 30 მეტრიანი თვალწარმტაცი ჩანჩქერია, ბოლქვაძეების ღელე და ჩრდილა - ორსაფეხურიანი 70 მეტრის სიმაღლე წყალვარდნილით სწორედ კინტრიშის შენაკადებს წარმოადგენს. მაღლა მთებში 2200 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია ორი პატარა ტბა – თბიყელი და სიძერძალი, რომელთა ფართობი 1,5 ჰექტარს არ აღემატება. აქედან პირველი ტბა უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზეა განლაგებული, მეორე კი – მის საზღვრებს გარეთ. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფლორისთვის აჭარული ენდემების, მდიდარი მარადმწვანე ქვეტყის, გვიმრების და ლიანების სიმრავლეა დამახასიათებელი. ნაკრძალის დენდროფლორა 102 სახეობას ითვლის. აქ 46 სახეობის ხის, 4 სახეობის ბუჩქის და ლიანების 8 სახეობის ნახვაა შესაძლებელი. აქაური რელიქტებია: პონტოური მუხა, მედვედევის არყი, უნგერნის შქერი, უთხოვარი, კოლხური ჯონჯოლი, თაგვისარა, კავკასიური ხურმა, ჩვეულებრივი წაბლი. 7201 ჰექტარი აქ წიფლნარ ტყეებს უკავიათ, 2912 – წაბლნარებს, რცხილნარები 496 ჰექტარზე გვხვდება, მუხნარი – 389 ჰა, სოჭნარ-ნაძვნარი – 140 ჰა, ცაცხვნარი – 40 ჰა, თხილნარი – 33 ჰა, მურყნარი – 12 ჰა, აბზინები – 4 ჰა, წყავის რაყები 727 ჰა, პონტოური დეკის – 712, კავკასიური დეკის – 172 ჰა, შქერიანებს - 1611 ჰექტარი უჭირავს. კინტრიშში მრავალი საინტერესო მცენარე იზრდება: შქერი, პონტოს როდოდენდრონი, კავკასიური დეკა, მოცვი, წყავი, იელი, არყი და პონტოს მუხა. კინტრიშის დაცული ტერიტორიების მდინარეები და ხევები მდიდარია კალმახით. მდინარე კინტრიშის ქვემო დინებაში ხშირად შეხვდებით შამაიას და საზანს. ამბობენ, რომ ადრე კინტრიშს შავი ზღვიდან საქვირითოდ ხშირად სტუმრობდა ორაგული. კინტრიშში გვხვდება სამი სახის ხვლიკი და გველის რამდენიმე სახეობა. ამფიბიებიდან ნაკრძალში მცირეაზიური ტრიტონი, ჩვეულებრივი გომბეშო, ვასაკა, მცირეაზიური და ტბის ბაყაყები, აგრეთვე, ჩვეულებრივი და წყლის ანკარები, სპილენძა გველი და კავკასიური გველგესლა გვხვდება. ნაკრძალის ორნითოფაუნა საკმაოდ მდიდარია მტაცებელი ფრინველებით. აქ აღრიცხულია ჩია არწივი, კაკაჩა, ქორი, მიმინო, მარჯანი, ჩვეულებრივი კირკიტა; აგრეთვე, ღამის მტაცებლები: ზარნაშო, წყრომი და ჭოტი. სხვა ფრინველებიდან კინტრიშში ბუდობს ოფოფი, კოდალა, ყორანი, შაშვი, მოლაღური და აგრეთვე ისეთი იშვიათი ფრინველები, როგორებიცაა: კავკასიური როჭო და კასპიური შურთხი. მცირე ძუძუმწოვრებიდან კინტრიშის ხეობის მკვიდრები არიან: თხუნელა, სინდიოფალა, კავკასიური (სპარსული) ციყვი, კურდღელი, მელა, მაჩვი, ტყის კატა, წავი. ჩლიქოსნებიდან ნაკრძალის ტყეებში ბინადრობს შველი, უფრო მაღლა კი ალპური და სუბალპური სარტყლების საზღვარზე არჩვი და გარეული ღორი. მტაცებლებიდან ნაკრძალში მურა დათვი ბინადრობს, რომლის პოპულაცია საკმაოდ სტაბილურია. აქ საქართველოს „წითელი ნუსხის" შემდეგი სახეობებია გავრცელებული: კალმახით, კავკასიური სალამანდრა, მურა დათვი, წავი, კავკასიური როჭო, კასპიური შურთხი, ბეგობის არწივი, შავარდენი, მცირეაზიური ტრიტონი. კინტრიშის დაცული ტერიტორიების განლაგებულია ისტორიულ აჭარაში („აჭარის ქვეყანა", „აჭარის ხეობა", როგორც მას ძველ მატიანეებში მოიხსენებენ). მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებში ქრისტიანობის ქადაგება ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დაიწყო ანდრია მოციქულმა. მდინარე კინტრიშზე შემორჩენილია შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდების ნანგრევები. ხოლო მის უშუალო სიახლოვეს მყოფი ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია: ნინოწმინდის ეკლესია სოფელ დიდვეკის მახლობლად, ელიას ციხე სოფელ აჭყვისთავთან და მამუკას ციხე სოფელ ალამბარის მახლობლად. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამ ტერიტორიაზე კიდევ უფრო ძველი – ქრისტიანობამდელი ძეგლებიცაა აღმოჩენილი. მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვეის III-II ათასწლეულების კოლხური ნამოსახლარები და რკინის საბადოების ნანგრევები. მდინარე კინტრიშის მარჯვენა ტერასაზე, სოფლების – ხუცუბნისა და ქობულეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ადრინდელი ნეოლითის კაჟისა და ობსიდიანის იარაღი. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. ის სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან, სადაც მრავალრიცხოვანი სასტუმროები, რესტორნები და ოჯახური სასტუმროები არსებობს. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. დაცულ ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში გაიხსნება ტურისტული მარშრუტები.
|
კატეგორია: სანადირო ადგილები |
ნანახია: 2940 |
დაამატა: gio
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
კალენდარი | « მარტი 2011 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|