მელა ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საშუალო სიდიდის ნადირია. სხეულის სიგრძე 90 სმ, კუდის 40-60 სმ, წონა 10 კგ. დინგი წაგრძელებულია, ყურები გრძელი და სამკუთხისებრი. ბეწვი ხშირი და რბილია, ბეწვის შეფერილობა ქარცისფერია, მკერდსა და მუცელზე თეთრი, კუდის ბოლო ჩვეულებრივ თეთრი. ზოგჯერ შეინიშნება მელანიზმი. საქართველოს მთის რაიონებში გვხვდება მუქი-რუხი ფერის მელიები. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკაში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 4000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე. ბუნაგს იკეთებს კლდის ნაპრალებში ან სხვა ცხოველების მიერ მიტოვებულ სოროებში. საკვებს შეადგენენ, წვრილი ძუძუმწოვრები, ფრინველები (განსაკუთრებით მიწაზე მობუდარი), ქვეწარმავლები, მწერები, მოლუსკები, ხილი. მძუნაობა მიმდინარეობს ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე. მაკეობა გრძელდება ორ თვემდე, შობს 4-6 ზოგჯერ მეტს თვალაუხელელ ლეკვს. აქვს დიდი სამეურნეო დანიშნულება, როგორც ბეწვის მომცემ ერთ-ერთ მთავარ ობიექტს. დიდი სარგებლობა მოაქვს თავგვისებური მღრნელების მოსპობით. სასარგებლო ნადირთა შორის მელა დიდ ზიანს აყენებს მიქაზე მობუდარ ფრინველებს: ხოხობს, დურაჯს, კაკაბს, გნოლს და სხვა. საშიშია ცოფისა და ჰემინთური ინვაზიების მატარებელი და გამავრცელებელი. მელია საერთოდ ადამიანის დანახვისთანავე ფეხზე დგება და იმწამსვე გარბის. მელიას მოსაპოვებლად საჭიროა 1-2-3 ნომერი საფანტი. ნადირობა აკრძალულია.
|