მელაზე ნადირობა
მელა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ცხოველია, გვხვდება თითქმის
ყველგან სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონასა და ლანდშაფტში. ტყეებში, სტეპებში,
უდაბნოებში, მაღალმთიანეთში, შედარებით ნაკლებია დიდ უღრან ტყეებში. იგი მეტად
ცბიერი, მოქნილი და ფრთხილი მტაცებელია. საერთოდ, მრავალფეროვანი საკვების მჭამელია.
ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომაზე ეტანება ხილს, ყურძენს, ბაღჩეულ კულტურებს.
ზამთარში საკვების ნაკლებობისას არც მძორზე ამბობს უარს, მაგრამ მისი ძირითადი
საკვები თაგვისებური მღრნელებია. იგი გატაცებით და მოხერხებულად ნადირობს მათზე და
ამით, ცხალია, დიდი სარგებლობის მომტანია, მაგრამ საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ,
როგორც დადასტურებულია, მისი რაციონის დაახლოებით 10% კურდღელი, მიწაზე მობუდარი
ფრინველი და მათი კვერცხებია. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ზამთარში მატულობს;
ამ, დროს მელა არცთუ იშვიათად შვლის ნუკრებსაც ესხმის თავს, ასე რომ, იქ, სადაც
დურაჯი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი, კურდღელი და სხვა ცხოველებია. მელას სერიოზული
ზიანის მოტანა შეუძლია და მისი რიცხოვნობის რეგულირებაა აუცილებელი. თუ გავითვალისწინებთ
იმასაც, რომ მელაც ცოფის ერთ–ერთი ძირითადი გადამტანია, ტურის მსგავსად მასზე
ნადირობის აკრძალვა ყოვლად დაუსაბუთებელი და არასწორია. მითუმეტეს, რომ ჩვენში
მელაზე უმთავრესად მდევრებით ნადირობენ, რომელიც მხოლოდ სპორტულ ხასიათს ატარებს
და ამ ცხოველის პოპულაციას ზიანს ვერ მიაყენებს. მელაზე მდევრებით ნადირობა
ტურაზერ ნადირობის ანალოგიურია. მელაც აქტიურ ცხოვრებას მზის ჩასვლის შემდეგ
იწყებს და მთელ ღამეს საკვების ძებნაში ატარებს. ჰამთენიისას დასასველებელ ადგილს
ირჩევს და იქ ისვენებს. მელიები, თუ ლეკვები არ ჰყავთ, იშვიათი გამონაკლისის
გარდა, სოროში არ შედიან. ძლიერ ყინვაშიც კი, თუ განსაკუთრებული ქარბუქი არ არის,
სადმე ბუჩქნარში ან ლელქაშში ურჩევნიათ გაჩერება. ამიტომ მდევრებს მისი წამოგდება
არ უჭირთ, რადგან დასაწოლად წასული მელა კურდღელივით არ აორკვალებს და არავითარ
ეშმაკობას არ მიმართავს. ზოგჯერ შეიძლება გრძელი ნახტომი გააკეთოს და ისე დაწვეს.
რომ საკუთარ კვალს უყურებდეს. როგორც წესი, მდევრების უმრავლესობა მელას კარგად
დასდევს, ისინიც კი, რომლებიც ტურას დიდ მანძილზე არ მიჰყვებიან. ტურასგან
განსხვავებით მელა უფრო დიდ წრეებზე ტრიალებს ხოლმე და დაეჭვებული ხშირად საკმაოდ
შორს მიდის და უკან აღარ ბრუნდება. გადამკიდე მდევრები, ცხადია, თავს არ ანებებენ
და, რადგან ხმაც აღარ ისმის, ამ დროს ძაღლების სხვადასხვა მიზეზით დაკარგვის
შემთხვევევი ხშირია. ამიტომ მონადირეები რაც შეიძლება ფხიზლად უნდა იყვნენ, რომ
დროულად გადაინაცვლონ იმ მიმართულებით, საითაც დევნა გრძელდება...
მელაზე ნადირობის სხვადასხვა ხერხიდან ყველაზე ეფექტურად მორეკვით
ნადირობის ერთ–ერთი ვარიანტი ითვლება, რომელიც ჩვენში იშვიათად გამოიყენება. არადა
საკმაოდ შედეგიანი და საინტერესოა. ამ ნადირობისათვის საჭიროა 2–3 კმ–ის სიგრძის
წვრილი, მაგრამ მტკიცე ზონარი, რომელზეც ყოველი 70–100 სმ–ის დაშორებით პატარა
წითელი ნაჭრები–ე.წ. „ალმებია" დამაგრებული. ნადირობა ყველაზე მოხერხებული ზამთარში,
თოვლის მოსვლის შემდეგაა, ამ დროს მელა მყარად წევს და შედარებით უფრო „უხალისოდ"
ტოვებს საფარს. თან თოვლის კვალზე ერთ–ერთი გამოცდილი მონადირე წინასწარ ამოწმებს
და დიდი ალბათობით რწმუნდება, რომ სავარაუდო აგილიდან ცხოველი გასული არ არის.
შემდეგ ორი მონადირე საწყისი ადგილიდან ერთმანეთისგან საპირისპირო მხარეს
მიემართებიან და ზედმეტი ხმაურისა და ფაცი–ფუცის გარეშე ზონარს ბუჩქებზე ან
ტოტებზე ამაგრებენ. ალმები მიწიდან 10–15 სმ–ის სიმაღლეზე უნდა ფრიალებდეს, რომ
ცხოველმა იგი ადვილად შენიშნოს. წრის შეკვრის შემდეგ, შემავალი კვალის სიახლოვეს,
გეზზე ორი მონადირე ჩერდება, ერთი კი მორეკვას იწყებს. მორეკვისას ზედმეტი ხმაური
საჭირო არაა, საკმარისია ფეხის ხმაურიანად დაბიჯება ან ჯოხების ერთმანეთზე
დაკაკუნება. მელა ამ უმნიშვნელო ხმაურზეც სწრაფად დგება და გაპარვას ლამობს. როცა
ზონარს მიადგება, რომელსაც ადამიანის სუნი ასდის, ფრთხილი ნადირი ვერ ბედავს მის
გადაკვეთას და გადასასვლელის ძებნაში წრიალს იწყებს. თუ მონადირე კარგად
შენიღბულია (სასურველია თეთრი ხალათი და თავსაბურავი) და უძრავად დგას, მელა
მასთან საკმაოდ ახლოს მიდის ხოლმე და ადვილი მოსაკლავია. საერთოდ, მელას საუცხოო
ყნოსვა და სმენა აქვს, მხედველობა კი–უარესი. სწრაფად მხოლოდ მოძრავ საგანზე
რეაგირებს... მელაზე ნადირობისას 2 ან 3 ნომრით დატენილი ხარისხიანი ვაზნებია
საჭირო.
დათო ცხვედიანი
წყარო: ჟურნალი ნადირობა
|