რა უნდა ვიცოდეთ გარეული ცხოველების რეგულირების წესის შესახებ
გარეული
ცხოველების
რეგულირების
ღონისძიებანი
უნდა ხდებოდეს ისეთი ხერხებით, რომლებიც გამორიცხავენ სხვა სახეობის გარეული ცხოველებისათვის
ზიანის მიყენებას და უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნებას.
აკრძალულია
გარეული ცხოველების თვითნებური რეგულირება. იმ
შემთხვევაში,
თუ გარეული ცხოველი საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ზიანს აყენებს მათ ქონებას და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია, თავდასხმის მომენტში მისი ბუნებიდან ამოღება (რეგულირების ღონისძიება) ხორციელდება დაუყოვნებლივ და არ საჭიროებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარ თანხმობას (შემდგომში სამინისტრო).
ამ
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში
პირი ვალდებულია გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდგომში - ინსპექცია), ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ინსპექციას. გარემოდან ამოღებული ცხოველი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით იმ პირის მიერ ვინც მოახდინა გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება. დაუშვებელია გარემოდან ამოღებული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, სამსახური ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ადგენს შესაბამის აქტს ცხოველის განადგურების თაობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო რეგულირების ღონისძიებათა აუცილებლობის თაობაზე განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს გარეული ცხოველის სახეობა, მის მიერ წარმოქმნილი საფრთხის აღწერა და ზიანს დაქვემდებარებული ტერიტორია.
სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო განცხადების განხილვისა და საკითხის ადგილზე შესწავლის შემდეგ ამზადებს დასკვნას რეგულირების ღონისძიების ჩატარების მიზანშეწონილობის და ხერხების შესახებ, რეგულირებას დაქვემდებარებული ცხოველის სახეობისა და რაოდენობის ჩვენებით. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე მიავლენს ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს. სამინისტრო განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს განცხადებასა და ტერიტორიული ორგანოს ან/და ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რის შემდეგაც მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს რეგულირების ღონისძიების ჩატარების თაობაზე.
რეგულირების ღონისძიება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და სამინისტროს შორის «ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით, რეგულირების ღონისძიების ჩატარება კონტროლდება ინსპექციის მიერ, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგების თაობაზე.
დაუშვებელია რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველის, ან მისი ნაწილის გაყიდვა, ან რაიმე ფორმით გასხვისება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეგულირების ღონისძიების განხორციელების შედეგად ამოღებული ცხოველი მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა სამეცნიერო დაწესებულებას, ზოოპარკს ან თავშესაფარს. ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში იგი ნადგურდება დამარხვით ან დაწვით.
სათანადო კვლევებზე დაყრდნობით სამინისტრომ შესაძლოა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გარეული ცხოველების რეგულირების განხორციელების თაობაზე.
წყარო: iep.gov.ge
|