სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე მდგომარეობები
სუნთქვის უკმარისობა _ ეს არის არასათანადო რაოდენობით ჟანგბადის
მიწოდება ორგანიზმისათვის. იგი შეიძლება განვითარდეს: სასუნთქი გზების ობსტრუქციის
(უცხო სხეულით ან წყალში დახრჩობისას), ფილტვებში აირთა ნორმალური ცვლის მოშლის
(კვამლის შესუნთქვისას), სხვადასხვა მდგომარეობების გამო ფილტვების ფუნქციის
დარღვევის (მაგ. გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობის არსებობისას და აქედან
გამომდინარე ფილტვის შეჭმუხვნისას) დროს. სუნთქვის გაძნელება შეიძლება გამოწვეული
იყოს ზოგიერთი ქრონიკული დაავადების (მაგ. ბრონქული ასთმის დროს), სტრესული
მდგომარეობის (ჰიპერვენტილაციური სინდრომი) ან სხვადასხვა ინფექციური დაავადებების
(მაგ. კრუპი) დროს სუნთქვის პროცესის დარღვევის გამო.
სუნთქვის უკმარისობის განვითარების დროს ორგანიზმში ჟანგბადის
ნაკლებობა (ჰიპოქსია) იწვევს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის განვითარებას,
ამიტომ აუცილებელია პირველი დახმარების დროულად გაწევა.
ჰიპოქსიის ნიშნებია:
1·სუნთქვის გახშირება, მისი სიღრმისა და რიტმის შეცვლით;
2·აგზნებადობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა, უგონო მდგომარეობა
(ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის გამო);
3·მორუხო-მოლურჯო ფერის კანი _ ციანოზი, (სისხლში ჟანგბადის
ნაკლებობის გამო);
4·სუნთქვის ან გულის გაჩერება (თუ ჰიპოქსია არ მოიხსნა).
ახლა უფრო დაწვრილებით გავჩერდეთ სუნთქვის უკმარისობის გამომწვევ
უხშირეს მიზეზებსა და პირველი დახმარების თავისებურებებზე:
ბრონქული ასთმა
ბრონქული ასთმა არის დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია
სასუნთქი გზების მუსკულატურის შეკუმშვა, ლორწოვანი გარსის შეშუპება და დიდი
რაოდენობით ლორწოვანი გამონადენის გამოყოფა მათ სანათურში, რაც იწვევს სასუნთქი
გზების შევიწროვებას, სუნთქვის გაძნელებასა და სუნთქვის უკმარისობას. ამ
დაავადებისათვის დამახასიათებელია პერიოდულად სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე
შეტევების განვითარება. შეტევა ზოგჯერ ვითარდება გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორის
არსებობისას, (მაგ. ალერგიული აგენტის ორგანიზმში მოხვედრისას ან გაცივების დროს).
ხშირად შეტევა ვითარდება უეცრად, ღამით. ასთმით დაავადებულებს ხშირად თან დააქვთ
წამლები (ინჰალატორები), რომლებიც ამსუბუქებენ ან ხსნიან ასთმის შეტევას.
ბრონქული ასთმის შეტევისათვის დამახასიათებელია:
·სუნთქვის, განსაკუთრებით ამოსუნთქვის, გაძნელება;
·მსტვინავი ხმაურიანი ამოსუნთქვა;
·აგზნებადობა და შფოთვა;
·მორუხო-მოლურჯო ფერის კანი – ციანოზი;
·მშრალი შემაწუხებელი ხველა;
·მძიმე შეტევის დროს შესაძლებელია განვითარდეს უგონო მდგომარეობა და
სუნთქვის გაჩერება.
ბრონქული ასთმის შეტევის დროს პირველი დახმარების მიზანია – სუნთქვის
გაადვილება. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო
სამსახურის დროული გამოძახება.
პირველი დახმარება ბრონქული ასთმის შეტევის დროს:
1.დაამშვიდეთ და გაამხნევეთ დაზარალებული. ასთმის შეტევა შესაძლებელია
ძალიან შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ უხშირეს შემთხვევაში ინჰალატორის დროული
გამოყენება სწრაფად ხსნის მას. დაეხმარეთ დაზარალებულს წამლის მიღებაში;
2.დაეხმარეთ დაზარალებულს მიიღოს მოხერხებული მდებარეობა. უხშირეს
შემთხვევაში ასთმის შეტევის დროს ოპტიმალურია – ნახევრადმჯდომარე მდებარეობა, წინ
წამოწეული ტორსით. სთხოვეთ მას ისუნთქოს ღრმად და ნელა. ამით შესაძლებლია ზოგადი
მდგომარეობის შემსუბუქება. არ დააწვინოთ დაზარალებული. თუ ასთმის შეტევა მსუბუქია
და ინჰალატორის მიღებიდან 5-10 წთ-ში ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება, ურჩიეთ
დაზარალებულს მიიღოს ინჰალატორის მეორე დოზა. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი
გადაუდებელი სამედიცინო სამახურის გამოძახება, მაგრამ აუხსენით დაზარალებულს, რომ
აუცილებელია მიმართოს ექიმს;
3.გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური თუ:
·ეს ბრონქული ასთმის პირველი შეტევაა;
·შეტევა მძიმეა და არ მსუბუქდება ინჰალატორის მიღებიდან 5-10 წთ-ის
განმავლობაში;
·დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა მძიმდება;
·სუნთქვის უკმარისობას თან ახლავს მეტყველების გაძნელება;
·დაზარალებული შეტევის შედეგად გამოიფიტება;
4.გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახების შემდეგ მიეცით
დაზარალებულს
ინჰალატორი ყოველ 5-10 წთ-ში ერთხელ. ასეთივე ინტერვალებით
გადაამოწმეთ
სუნთქვა, პულსი და ცნობიერების დონე;
5.თუ დაზარალებული კარგავს ცნობიერებას ან სუნთქვა ჩერდება, დააწვინეთ
იგი ზურგზე, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები.
საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სარეანიმაციო ღონისძიებების
ჩატარება.
კრუპის შეტევა
სუნთქვის გაძნელება მცირეწლოვან ბავშვებში ხშირად გამოწვეულია კრუპის
შეტევით, რომლის მიზეზიც არის ანთებითი პროცესი სასუნთქ გზებში. კრუპის შეტევა
ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ პირველი დახმარების დროული გაწევისას იგი არ ახდენს
ზეგავლენას ბავშვის შემდგომ ჯანმრთელობაზე. კრუპის შეტევა უფრო ხშირად იწყება
ღამით, შესაძლებლია ის რამდენჯერმე განმეორდეს.
კრუპის შეტევის დამახასიათებელი ნიშნებია:
. მცირეწლოვანი ბავშვის გაძნელებული სუნთქვა;
. ხმაურიანი გაძნელებული ჩასუნთქვა;
. მყეფავი ხასიათის ხველა;
. მორუხო-მოლურჯო ფერის კანი;
. მძიმე შემთხვევებში დამატებითი კუნთების მონაწილეობა სუნთქვაში;
პირველი დახმარება კრუპის შეტევის დროს:
1.დასვით და გაამხნევეთ ბავშვი;
2.შექმენით ორთქლიანი გარემო ბავშვის გარშემო. წაიყვანეთ ის აბაზანაში
და გააღეთ ცხელი წყლის ონკანი. ასევე შესაძლებელია დასვათ ბავშვი სამზარეულოში და
ადუღოთ წყალი. აუხსენით ბავშვს, რომ სუნთქვის გაადვილების მიზნით უნდა ჩაისუნთქოს
ორთქლი. ყურადღებით იყავით და დაიკავეთ ბავშვი ცხელი წყლიდან მოშორებით, რათა
ბავშვმა არ მიიღოს დამწვრობა;
3.არ შეიძლება თითების ჩადება პირში, რადგან ამან შესაძლებელია
გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება;
4.არ ჩავარდეთ პანიკაში,ეს შეაშინებს ბავშვს და გამოიწვევს მისი
მდგომარეობის გაუარესებას;
5.როცა ბავშვს დააწვენთ ლოგინში, შექმენით ტენიანი გარემო მის
საძინებელში. ამისათვის გადაკიდეთ სველი პირსახოცი სითბოს წყაროზე. მომატებულმა
ტენიანობამ შეიძლება შეამციროს განმეორებითი შეტევების რისკი;
6.თუ კრუპის შეტევა მძიმეა, დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი
სამედიცინო სამსახური.
ჰიპერვენტილაცია
ჰიპერვენტილაცია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე მდგომარეობაა,
რომელიც ვითარდება სტრესულ სიტუაციებში (პანიკის, შფოთვის, ისტერიის დროს). ის
ხშირად აღენიშნებათ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს შიში ან ფსიქოლოგიური შოკი.
ჰიპერვენტილაცია გამოვლინდება არანორმალურად ხშირი და ღრმა სუნთქვით. ასევე
შესაძლებელია გამოიხატოს უჩვეულო ქცევა, თავბრუსხვევა, ხელების კანკალი და უნებლიე
მოძრაობები.
პირველი დახმარება ჰიპერვენტილაციის დროს:
1.დაზარალებულთან ლაპარაკის დროს იყავით დამაჯერებელი და ზრდილობიანი;
2.თუ შეგიძლიათ, გადაიყვანეთ დაზარალებული მშვიდ გარემოში. ამით
შესაძლებელია გამოიყვანოთ დაზარალებული ჰიპერვენტილაციის შეტევიდან;
3.ურჩიეთ დაზარალებულს მიმართოს თავის ექიმს, რათა გამოირიცხოს
აგზნების სხვა მიზეზები;
4.თუ გამოხატულია უნებლიე მოძრაობები, ასუნთქეთ ქაღალდის პარკის საშუალებით,
თავისივე ამონასუნთქი ჰაერი.
კვამლისა და აირების ინჰალაცია
კვამლისა და აირების ინჰალაცია ასევე შეიძლება გახდეს სუნთქვის
უკმარისობის მიზეზი. ზოგჯერ ამ დროს შესაძლებელია სიკვდილიც კი განვითარდეს.
გახსოვდეთ, რომ კვამლის ინჰალაცია საშიშია მაშველისთვისაც. არ ჩააგდოთ თქვენი თავი
საფრთხეში.
პირველი დახმარება კვამლისა და აირების ინჰალაციის დროს:
1.გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო და სახანძრო სამსახურები;'
2.თუ თქვენთვის ეს უსაფრთხოა, გადაიყვანეთ დაზარალებული სუფთა ჰაერზე;
3.თუ დაზარალებული უგონოდ არის, დააწვინეთ იგი ზურგზე, გახსენით
სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. საჭიროების
შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩასატარებლად. თუ სუნთქვა და
პულსი არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში;
4.ჩაატარეთ პირველი დახმარება დამწვრობისა და სხვა დაზიანებების დროს;
5.დარჩით დაზარალებულთან გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის
მოსვლამდე. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერების
დონე.
ჩამოხრჩობა
ჩამოხრჩობის დროს ხდება სასუნთქი გზების დახშობა. ჩამოხრჩობისათვის
დამახასიათებელია მოწითალო ფერის ხაზი კისრის გარშემო, ზედაპირული ხშირი სუნთქვა,
სახის სიწითლე, კისრის ვენების შებერვა, წითელი ლაქები სახეზე ან სისხლჩაქცევები
სკლერებზე. ჩამოხრჩობის დროს ყოველთვის უნდა გამოირიცხოს ხერხემლის კისრის ნაწილის
დაზიანება.
პირველი დახმარება ჩამოხრჩობის დროს:
1.სწრაფად მოაშორეთ კისრის გარშემო არსებული ნებისმიერი საგანი;
2.დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე. გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ
სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. თუ სუნთქვა არ არის, დაიწყეთ სარეანიმაციო
ღონისძიებები. თუ სუნთქვა არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში;
3.დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური მაშინაც, თუ
დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუ ეჭვი მიიტანეთ ხერხემლის
დაზიანებაზე, არ ამოძრაოთ დაზარალებული უკიდურესი საჭიროების გარეშე.
გახსოვდეთ!
.სუნთქვის უკმარისობის დროს მოსალოდნელია შეუქცევადი ცვლილებების
განვითარება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
სწორად ორგანიზებულ და დროულ პირველ დახმარებას.
·განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თქვენს მშვიდ, გულისხმიერ და
მზრუნველ დამოკიდებყლებას დაზარალებულის მიმართ, ვინაიდან სუნთქვის უკმარისობა
შეიძლება გახდეს ტვინის ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის მიზეზი და გამოიწვიოს
აგზნებადობა, აგრესიულობა, ცნობიერების დაბინდვა და სხვ.
·გაითვალისწინეთ კვამლისა და აირების შესაძლო შემპარავი დამაზიანებელი
ზემოქმედების საშიშროება და არ ჩაიგდოთ თქვენი თავი საფრთხეში მათი ინჰალაციით
გამოწვეული სუნთქვის უკმარისობის დროს პირველი დახმარების გაწევისას.
წყარო: medportal.ge
|