ცხოველთა საზაფხულო პრობლემები
თუ ძაღლი გყავთ,
უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიმახსოვროთ სპეციალისტების ერთი მითითება - არასოდეს
დატოვოთ ცხოველი დახურულ ავტომობილში. შესაძლოა, ძაღლი სხეულის გადახურების გამო
რამდენიმე წუთში დაიღუპოს.
ზაფხულის პაპანაქებაში
ძაღლს ისევე ესიამოვნება ცივ წყალში ბანაობა, როგორც თქვენ, ოღონდ აუცილებლად უნდა
დაიცვათ ერთი პირობა: ტბაში, მდინარეში ან წყალსაცავში ბანაობისას დარწმუნებული
უნდა იყოთ წყლის სისუფთავეში. თქვენი ოთხფეხა მეგობარი შხაპითაც ნასიამოვნები
დარჩება, ოღონდ შემდეგ არ მისცეთ აბაზანის ქვის ფილებზე ან ორპირ ქარში დაწოლის
უფლება - შესაძლოა, გაცივდეს.
ზაფხულში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, ძაღლს ყოველთვის ჰქონდეს ცივი წყალი. სასმელი წყალი ჭურჭელში
დღეში სამჯერ მაინც უნდა შეიცვალოს.
განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვებს. ნარჩენი დროზე უნდა გადავყაროთ - როცა გარემოს
ტემპერატურა მაღალია, საკვებში მიკრობები ძალიან სწრაფად მრავლდება და შესაძლოა,
საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციის მიზეზი გახდეს.
თუ ძაღლს მოულოდნელად
მოთენთილობა შეატყვეთ, თავს ნუ დაიმშვიდებთ, სიცხის ბრალიაო, - დიდია ალბათობა,
მიზეზი გაცილებით სერიოზული იყოს. მაგალითად, მწერის ნაკბენი.
ძაღლის მფლობელებს
შვებულება დილემის წინაშე აყენებს: უნდა გადავწყვიტოთ, თან წავიყვანოთ თუ დავტოვოთ
საყვარელი ცხოველი. რა თქმა უნდა, ერთიც შეიძლება და მეორეც, მაგრამ ორივე
შემთხვევაში თავს იჩენს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სულაც არ გახლავთ მარტივი.
უმეტესად იძულებულნი
ვართ, ძაღლი ქალაქში დავტოვოთ. სიტუაცია გაცილებით მარტივია, თუ ოჯახის რომელიმე
წევრი შინ რჩება, თუმცა რამდენიმე მოულოდნელობის გათვალისწინება ამ შემთხვევაშიც
მოგვიწევს.
რა სჯობს, თუ თქვენს
მეგობრებს ან ნათესავებს ცხოველები ისე უყვართ, რომ უყოყმანოდ შეგიძლიათ, ძაღლი
ანდოთ, მაგრამ მაინც იქნება საჭირო დეტალური მითითებების მიწოდება, თანაც,
სასურველია, წერილობით.
შეგიძლიათ, ცხოველი
შვებულების პერიოდში სპეციალურ ვეტერინარულ დაწესებულებაში დატოვოთ, იმ ხალხთან,
ვისაც საამისო ცოდნაც აქვს და გამოცდილებაც.
მაშ ასე, ქალაქიდან
გამგზავრებისას:
. წინასწარ დარეკეთ ყველა ვეტერინარულ
დაწესებულებაში, რომლებიც ზაფხულში ცხოველების მოვლას გთავაზობენ, დააზუსტეთ
ფასები, ცხოველთა საცხოვრებელი პირობები, კვების საკითხები და სხვა დეტალები.
. შესაფერისი ვარიანტის შერჩევისას არ დაიზაროთ
მითითებულ მისამართზე მისვლა და პირადად დარწმუნდით, რომ შემოთავაზებული პირობები
რეალურია.
. შეადგინეთ წერილობითი ინსტრუქტაჟი, სადაც
მითითებული იქნება თქვენი ძაღლის მოვლისა და კვების ინდივიდუალური თავისებურებები.
ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ცხოველს არა ვეტერინარებთან, არამედ
ახლობლებთან ტოვებთ.
. არ დაგავიწყდეთ ახლობლებისთვის თქვენი
კოორდინატების დატოვება. აუცილებლად მიუთითეთ ცხოველის მკურნალი ვეტერინარისა და
იმ ვეტერინარული კლინიკის მისამართი, სადაც ცხოველი დაგყავთ.
. დატოვეთ აფთიაქი პირველი დახმარებისთვის საჭირო
მედიკამენტებით და მათი გამოყენების ინსტრუქცია.
ჩანთაში წინასწარ
ჩაალაგეთ ყველაფერი, რაც თქვენი არყოფნისას ცხოველს შეიძლება დასჭირდეს.
მაშ ასე, დადგა დროებით
სამყოფელში ცხოველის გადაყვანის დღეც. ამ დროს თქვენს ქცევას განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს. კატეგორიულად გეკრძალებათ ფუსფუსი, ნერვიულობა, მოთქმა-გოდება
და ცრემლების ფრქვევა. თქვენმა ოთხფეხა მეგობარმა არც კი უნდა იგრძნოს, რომ რაღაც
განსაკუთრებული ხდება. პირიქით, ის საერთოდ ვერ უნდა მიხვდეს, რომ რაიმე იცვლება.
უცხო გარემოში ძაღლმა
თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, ჯობს, დაუტოვოთ საკუთარი ჯამი, სათამაშო და თუ
შესაძლებელია, საფენი. თუ შეგიძლიათ, მის სიმშვიდეს შესწირეთ თქვენი ძველი მაისური
ან სხვა სამოსი, რათა ცხოველი თქვენს სუნს გრძნობდეს და ჰქონდეს რწმენა, რომ იქვე
ხართ ან მალე დაბრუნდებით. ურიგო არ იქნება, განშორებისას წყნარად, ზედმეტი
ემოციის გარეშე თქვათ, რომ მალე დაბრუნდებით. არ არის გამორიცხული, ცხოველმა
თქვენი სიტყვები სწორად გაიგოს.
თუ მოსავლელად პატარა
ცხოველს, მაგალითად, ზაზუნას ტოვებთ, საქმე გაცილებით მარტივადაა - შეგიძლიათ, ის
მომვლელს თავისივე გალიით ჩააბაროთ. ამგვარად პატარა ნაცნობ გარემოში დარჩება.
თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ ის პატრონის არყოფნას ვერ შეამჩნევს, ეს კი მისთვისაც
ისეთივე სტრესი იქნება, როგორიც დიდი ძაღლისათვის. თქვენი ტანსაცმლის ნაკუწი აქაც
ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ.
თუ შვებულებიდან
დაბრუნებისას შეამჩნიეთ, რომ პატარა მეგობარი განშორების გამო ნაწყენია, ნუ
დაღონდებით. ზოგიერთი ადამიანისაგან განსხვავებით, ცხოველები წყენას იოლად
ივიწყებენ. სულ ცოტა დრო გაივლის და ძველი მეგობრობა აღდგება.
წყარო: mkurnali.ambebi.ge
|