ხუთშაბათი, 21.11.2024, 20:15მოგესალმები სტუმარი | RSS
შემოიხედე
საიტის მენიუ
სასარგებლო ბმული
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 431
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
...
სასარგებლო ბმული
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 28 » ცურვის გაკვეთილები
23:30
ცურვის გაკვეთილები


ცურვის გაკვეთილები

 

მერე რა, რომ პირში წყალი ჩაუგუბებია და გამუდმებით დუმს. სამაგიეროდ, არც ოსტეოქონდროზი ემართება და არც გულის იშემიური დაავადება. პაწაწინა ტვინიც, თუ ბოროტმა ადამიანებმა თავში რამე არ ჩაარტყეს, სისხლის მიმოქცევის მოშლას არ უფრთხის. ყოველივე ამის საიდუმლო კი ის არის, რომ პირველყოფილი ხერხემლიანი… დაცურავს.

მართალია, აღარ გვახსოვს, მაგრამ არსებობის პირველი თვეები, ვიდრე მშრალზე დავრჩებოდით, ჩვენც სულ ცურვა-ცურვით გვაქვს გატარებული. იქნებ ამიტომ გვიზიდავს წყლის სტიქია ანდამატივით, ზაფხულის ხვატისგან შეწუხებულებს კი მით უმეტეს. ასე რომ, განურჩევლად იმისა, ქალაქის მტვერსა და ხვატს ზღვაზე ემალებით, კუს ან ლისის ტბაზე თუ თქვენი არჩევანი რომელიმე საცურაო აუზზე შეჩერდა, ცივსისხლიანი მენტორის მიბაძვა შესანიშნავი იდეაა.

 

ამდენი პლუსი

მართლაც შეუძლებელია სხვა ისეთი გარემოს პოვნა, სადაც ფიტნეს-მოკავშირეებად, არც მეტი, არც ნაკლები, ფიზიკის ფუნდამენტური კანონები გამოდიან. ამომგდები ძალა ცხოვრების ტვირთისგან დაღლილ ხერხემალს და სხვა სახსრებს ჯაფას უმსუბუქებს, საყრდენი და ბიძგების ამორტიზება უკვე აღარ არის საჭირო, კუნთებმა კი კეთილი უნდა ინებონ და გაისარჯონ – ჰაერზე 12-ჯერ უფრო მძიმე წყალი ამდენჯერვე მეტ ძალისხმევას მოითხოვს, თანაც საქმე ხმელეთზე შედარებით ნაკლებად დასაქმებულ კუნთებსაც უჩნდებათ (ადვილი მისახვედრია, რატომ – გრავიტაციას და ამომგდებ ძალას ხომ ურთიერთსაპირისპირო მიმართულება აქვთ). ფიზიკური საფუძვლების აუხსნელადაც ფაქტი ჯიუტია – ცურვა...

• ალამაზებს სხეულს. თვალი შეავლეთ ოლიმპიადას და გულწრფელად თქვით, რომელი სახეობის სპორტსმენების გარეგნობა გტაცებთ ყველაზე მეტად თვალს. ეს ყველაფერი წყლის დამსახურებაა, ყველა კუნთი რომ მოჰყავს ტონუსში და მთელ სხეულს ავარჯიშებს.

• ხელს უშლის ჭარბი წონის დაგროვებას. წყალზე უბრალოდ ტივტივის დროსაც კი საათში დაახლოებით 300 კკალ-ს ვხარჯავთ, ხოლო ხელ-ფეხის ძლიერი მოძრაობისას მაჩვენებელი შეგვიძლია არა მარტო გავაორმაგოთ, არამედ გავაოთხმაგოთ კიდეც. რაც უფრო მეტი კუნთი აქვს ადამიანს, ენერგიაც მეტი ეხარჯება. ერთი კილომეტრის გაცურვისას ყოველ კილოგრამზე საშუალოდ თურმე 4 კილოკალორიას ვწვავთ. ზუსტი დანახარჯი ცურვის სტილზე, სიჩქარესა და ადამიანის წონაზეა დამოკიდებული.

• აჯანსაღებს გულს. ცურვა არეგულირებს არტერიულ წნევას, ეხმარება ზანტ ვენებს, სისხლი გულამდე მიიტანონ. თუ გამოკვლევებს დავუჯერებთ, აერობული ვარჯიშის ეს ბრწყინვალე სახეობა არტერიული ჰიპერტენზიის მართვასა და პრევენციაში საიმედო მოკავშირეა.

• გვასწავლის სუნთქვას. გაგიკვირდებათ და ესეც არ ვიცით, მით უმეტეს, ვარჯიშის დროს, წყალში კი სხვა გზა ფიზიკურად არ გაქვს. შედეგი სასუნთქი სისტემის უფრო ეფექტური მუშაობა და ღრმა სუნთქვის დამამშვიდებელი გავლენაა.

• ამცირებს სტრესს. ეს მხოლოდ ღრმა სუნთქვის შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა არც მისი გავლენაა უმნიშვნელო. კარგად ნაცნობი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა მედიტაციური მდგომარეობის მისაღწევად სწორედ სუნთქვას იყენებს. შესაძლოა, მიზეზი ის იყოს, რომ პირველი თვეები ამ სტიქიაში გავატარეთ, ან ის, რომ ჩვენი ორგანიზმის 60%-ზე მეტი წყალია...

• ყველასთვის შეიძლება. ვერ ვიპოვით ადამიანს, ცურვამ ან წყალში ვარჯიშმა რომ არ არგოს. სწორედ მას ანიჭებენ უპირატესობას სარეაბილიტაციოდ მძიმე ოპერაციის შემდეგ, ასევე ხანდაზმულ ასაკში კარგი ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად. ჩვენში წყალს ახალგათხოვილ ქალებსაც კი არ აკარებენ, ხოლო უცხოელ ავტორებს, გაგიკვირდებათ და, ცურვა ორსულებისთვის საუკეთესო ვარჯიშად მიაჩნიათ – ყველაზე უსაფრთხოდ ასე შეიძლება მხრისა და მუცლის კუნთების გაძლიერება და მომავალი დატვირთვისთვის მომზადებაო.

 

წინასწარ გასარკვევი დეტალები

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: წყალში ვარჯიშს უკუჩვენება თითქმის არ გააჩნია, სახეობისა და დატვირთვის ინტენსივობის შერჩევა კი უმჯობესია სპეციალისტს მიანდოთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ ან წლებია, მხარ-თეძოზე წამოწოლილი ცხოვრობთ და ფიზიკურ დატვირთვა თქვენთვის უჩვეულოა.

ძნელია, ჟურნალის ფურცლებიდან ყველას ერთნაირი რჩევა მისცე. მაგალითად, ასთმით დაავადებულებს ცურვას არ ურჩევენ, რადგან ჰიდროსტატიკური წნევა სუნთქვას აძნელებს. მეორე მხრივ, გამთბარი და ნოტიო ჰაერი, პლუს სწორი სუნთქვა, დაავადების კონტროლის საკმაოდ კარგი საშუალებაა, აუზის ქლორიანმა წყალმა კი ასთმით ან სხვა ალერგიული დაავადებით შეპყრობილებს ცხოვრება მართლაც შეიძლება გაურთულოს. საბედნიეროდ, უკვე თბილისშიც გაჩნდა აუზები, სადაც დეზინფექციას ულტრაიისფერი სხივებით ახდენენ.

მკვეთრი სისხლძარღვოვანი უკმარისობისას (თავბრუხვევა, გულისრევა, არამყარი სიარული) წონასწორობის დაცვა ჭირს. ბუნებრივია, ამ დროს ვარჯიში ნაკლებად ღრმა წყალში უნდა დაიწყოთ და დატვირთვის ინტენსივობა თანდათან ზარდოთ.

იმავეს ვეტყვით სუსტი ჯანმრთელობის პატრონებსაც: წყალში ჩახტომამდე სჯობს მოემზადოთ, ზაფხული კი გაკაჟების დასაწყებად საუკეთესო დროა. გამოდგება ნებისმიერი პროცედურა, კონტრასტული შხაპიდან დაწყებული, ტანის დაზელით დამთავრებული. მთავარია, წყლის ტემპერატურა ნელ-ნელა, ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, თითო გრადუსით შეამციროთ 37-დან 27-28°C-მდე.

წყალში ძალიან ნელა უნდა ჩახვიდეთ: სიცივე სისხლძარღვებს ავიწროებს, გული იძულებული ხდება, მეტი დატვირთვით იმუშაოს, სწრაფმა ჩაყვინთვამ კი შესაძლოა მიოკარდიუმის ჟანგბადოვანი შიმშილიც კი გამოიწვიოს. არ დაგავიწყდეთ საერთო წესი: ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვამდე მოთელვაა საჭირო. ასე რომ, წყალში ჩასვლამდე რამდენიმე მარტივი ვარჯიში შეასრულეთ.

რაც უფრო ცივია წყალი, მით უფრო ძლიერია მისი გავლენა ორგანიზმზე და მით უფრო ნაკლებ ხანს უნდა გაგრძელდეს ჭყუმპალაობა. თუ ჯანმრთელობას არ უჩივით, ბანაობა შეგიძლიათ დაიწყოთ, როცა ჰაერის ტემპერატურა – 21-23°C-ს, ხოლო წყლისა 16°C-ს მაინც აღწევს, დასუსტებულთათვის კი ორივე მაჩვენებელი ორი-სამი გრადუსით მეტი უნდა იყოს.

 

არ გთარსავთ, მაგრამ...

არსებობს ისეთი ბატონი, თავი რომ არასოდეს სტკივა. რა თქმა უნდა, ტიგრან გულოიანს კი არა, სიფრთხილეს ვგულისხმობთ. თავს წყალში მთლად თევზივით ყველა ვერ გრძნობს, ტრაგედიაც თვალის დახამხამებაში ხდება, ამიტომ წინასწარ დაფიქრება ნამდვილად საჭიროა:

• ისწავლეთ ცურვა. ამბობენ, ვინც ცურვა არ იცის, არც იხრჩობაო, სტატისტიკა კი საპირისპიროს ამტკიცებს: უბედური შემთხვევის მსხვერპლნი უმეტესად ისინი არიან, ვინც ცურვა არ იცის ან ახალბედა მოცურავეა, ამიტომაც ბავშვებს ცურვა ადრევე, ასე ოთხიოდე წლის ასაკში, შეასწავლეთ. შვედეთში, დანიაში, ნორვეგიასა და ფინეთში ვიდრე ბავშვი მეხუთე კლასს დაამთავრებს, ცურვაც უნდა იცოდეს და წყალთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს ქცევის წესებიც. ეს მათი განათლების სამინისტროს პოლიტიკაა, ქვეყანაში ბავშვების დახრჩობის შემაშფოთებელი სტატისტიკა უკეთესობისკენ რომ შეცვალოს. თუ თქვენმა მშობლებმა ასეთი წინდახედულება ვერ გამოიჩინეს, გახსოვდეთ: სწავლა არასდროს არ არის გვიან. ცურვისა და წყლის სიახლოვეს უსაფრთხო ქცევის ცოდნა ტრაგედიის საუკეთესო პროფილაქტიკაა.

• ასჯერ გაზომეთ. წყლის სტიქია დაუნდობელია და მასთან ხუმრობა არ შეიძლება! მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტას არ გირჩევთ, მცირეოდენი სიფრთხილე კი ნამდვილად არ გაწყენდათ. გახსოვდეთ, ღია წყალსატევში ცურვა უფრო ძნელია, ვიდრე აუზში. ცივმა წყალმა, ძლიერმა დინებამ და სხვა ფაქტორებმა შესაძლოა ხელი შეგიშალონ. თანაც თუ უეცრად დაიღალეთ, წყლიდან მაშინვე ვერ ამოხვალთ. ასე რომ, ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი ძალები და ნუ ეცდებით, თავს გადაახტეთ. თუ მარტო ხართ, ღრმად შეცურვას არ გირჩევთ. მეგობართან ერთად ცურვა უფრო სახალისოც არის და საიმედოც – გასაჭირში თუ თვითონ ვერ გიშველათ, ვინმეს მაინც მოუხმობს. უკიდურეს შემთხვევაში, ვინმეს სთხოვეთ, ნაპირიდან გადევნოთ თვალი.

• ნუ ჩაყვინთავთ წყალმარჩხ ადგილებში. წყლის სიღრმე წყალში ჩასვლამდე, მით უმეტეს – ყვინთვის დაწყებამდე შეამოწმეთ. წყალმარჩხ ადგილებში ყვინთვისას მრავალ ადამიანს მიუღია ხერხემლის მძიმე ტრავმა და სამუდამოდ მისჯაჭვია ინვალიდის ეტლს.

• ნუ შეუთავსებთ ერთმანეთს ალკოჰოლსა და ცურვას. სპირტიანი სასმელი წონასწორობის დაცვისა და კოორდინაციის უნარს აქვეითებს, საკუთარი ძალების საღად შეფასებაც გაგიჭირდებათ, თანაც შესაძლოა, ალკოჰოლისგან გაფართოებულმა სისხლძარღვებმა ცივ წყალში ჩასვლით გამოწვეულ სპაზმს ვერ გაუძლონ და ინსულტსა თუ ინფარქტს გამოჰკრათ ხელი.

• უფრთხილდით მზეს! კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ჯანმრთელი ნამზეური არ არსებობს. კანის კიბო წლიდან წლამდე იმატებს, ლამის ეპიდემიის მაჩვენებლებს მიაღწიოს. ამიტომაც ჯობს, წყალს დილა-საღამოს მიაკითხოთ, გარუჯვას ერიდოთ, დღისით შინიდან გასვლისას კი მზისგან დამცავი კრემი წაისვათ.

 

ისევ და ისევ კვება

წყალს ჯადოსნური ძალა კი აქვს, მაგრამ სასწაულებს არ ახდენს. მხოლოდ ჭყუმპალაობით ზედმეტ ქონს ვერაფერს დააკლებთ. წონის დაკლებას მხოლოდ მაშინ მოახერხებთ, თუ ჩვეულ რეჟიმთან შედარებით მეტს მოძრაობთ და ნაკლებს ჭამთ. არ დაიჯეროთ გავრცელებული მითი: შიმშილობა და ორგანიზმის წამება სრულიად უაზრო მსხვერპლია. გაისარჯე, ენერგია დახარჯე? – ორი საათი ლოდინი კი არა, ავზის დაუყოვნებლივ შევსებაა საჭირო. ჩვენს ტვინში ჩამონტაჟებული კომპიუტერი ათასწლეულების წინ ჩამოყალიბებული ალგორითმით მუშაობს: შრომას გასამრჯელო, ამ შემთხვევაში – საჭმელი უნდა მოჰყვეს, ეს უკანასკნელი კი აუცილებლად ჯანსაღი და კალორიულობით დახარჯულ ენერგიაზე ნაკლები უნდა იყოს. სულ ეს არის მთელი ფილოსოფია.

სწორი დატვირთვისა და კვებისას, წესისამებრ, ჯერ ზედმეტი ცხიმი ქრება, შემდეგ კი კუნთოვანი რელიეფიც იხატება, თუმცა სასწორზე ციფრი შესაძლოა არც კი შეიცვალოს – კუნთი ცხიმზე 30%-ით მძიმეა, ამიტომაც ორიენტირად ის უფრო გამოგადგებათ, როგორ გადგათ ტანზე თქვენი საყვარელი ვიწრო შარვალი.

 

ჰიდრობუები

მთელი საზღვარგარეთული ინტერნეტსივრცე და უცხოენოვანი სამედიცინო ლიტერატურა (რუსულის გარდა) რომ გადაქექოთ, მცირედ ეჭვსაც ვერსად იპოვით, შესაძლოა, წყლიდან სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე დაავადება გადმოგვედოსო. გამორიცხული არ არის, სველი საცურაო კოსტიუმით დიდხანს სიარული და საერთო პირსახოცის გამოყენება ერთგვარი რისკფაქტორები იყოს, მაგრამ სპეციალისტები ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებენ, რომ ასეთი ბაქტერიები და ვირუსები წყლის მეშვეობით (ზღვაში, აუზში ნებივრობისას) უბრალოდ არ გადაეცემა.

სხვა საქმეა ნაწლავური ინფექციები, რომელთა თავიდან აცილებას დასავლეთის მოწესრიგებული სანიტარიული სამსახურიც კი ვერ ახერხებს. დიზენტერია, მუცლის ტიფი, სალმონელოზი, ქოლერა ხშირად სწორედ წყლიდან ვრცელდება. ექიმები ამბობენ, რომ ამ დაავადებების გადაცემის მექანიზმი ფეკალურ-ორალურია. ამდენი ლათინური, მგონი, ყველამ ვიცით, ამიტომ აღარ ავხსნით, სად ბრძანდებოდნენ ბაქტერიები, ვიდრე დაავადებულის პირის ღრუში მოხვდებოდნენ... აუზის, სპა-სალონის, ტბის, მდინარის, ტბისა თუ ზღვის წყალი ხომ საერთო სარგებლობისაა – თუ მოცურავე დიარეით არის ავად და მარცხი მოუვიდა, ანდა უბრალოდ ტუალეტით სარგებლობისთვის ნაპირზე ამოსვლა დაეზარა, წყალში დაავადების გამომწვევ მილიონობით მიკრობს გამოისვრის. ტბის, მდინარისა თუ ზღვის წყალს ასევე აბინძურებს კანალიზაცია, ცხოველები, ნიაღვრები. ზღვაში საქმე ოდნავ უკეთესადაა, თუმცა არა ყოველთვის – ზოგიერთი მიკროორგანიზმი მარილიან წყალშიც შესანიშნავად ძლებს. ამიტომაც წყალსატევები სანეპიდსადგურის თანამშრომლებმა უნდა შეამოწმონ და იპოვონ ადგილები, სადაც მავნე მიკროორგანიზმთა დონე დასაშვებზე მეტი არ არის. ბანაობაც მხოლოდ აქ არის ნებადართული. ნუ იცურავებთ ძლიერი წვიმების შემდეგ ამღვრეულ წყალში, ნუ ჩაყლაპავთ "საბანაო” წყალს (თუ მოახერხებთ, ეცადეთ, პირში საერთოდ არ ჩაგივიდეთ). სხვების ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდით: ნუ ჩახვალთ წყალში, თუ ფაღარათი გაწუხებთ, მაქსიმალურად დაიცავით სისუფთავე, ბანაობის წინ ყოველთვის მიიღეთ შხაპი, საჭირო ოთახში წასასვლელად წყლიდან ამოსვლაც ნურასოდეს დაგეზარებათ.

სხვათა შორის, ეს ყველაფერი პატარებსაც ეხებათ: ხშირად გამოუცვალეთ პამპერსები და ნუ მისცემთ უფლებას, წყალშივე მოისაქმონ.

წყალში ჩაბუდებული მიკროორგანიზმები განსაკუთრებით საშიშია მცირე ასაკის ბავშვებისა და სუსტი იმუნური სისტემის პატრონებისთვის (აივინფიცირებულები, პაციენტები ორგანოთა გადანერგვის, ქიმიოთერაპიის ჩატარების შემდეგ). ასეთ შემთხვევაში შესაძლოა უბრალო კუჭის აშლით ვერ გადარჩეთ და დაავადება გაცილებით მძიმედ წარიმართოს, ამიტომაც თუ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას ეკუთვნით, წყალში ჩასვლამდე რჩევა ექიმს ჰკითხეთ.

 

წყარო: aversi.ge

კატეგორია: ინსტრუქციები და ეთიკა | ნანახია: 1306 | დაამატა: gio | ტეგები: ცურვის გაკვეთილები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სასარგებლო ბმული
ძებნა
სასარგებლო ბმული
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი